აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში იმყოფება, სადაც კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებები აქვს დაგეგმილი.
მედიის ცნობით, სანქტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტში უიტკოფს პუტინის სპეციალური წარმომადგენელი,, კირილ დმიტრიევი დახვდა.
პუტინის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებით, რუსეთის ლიდერსა და უიტკოფს შორის მოლაპარაკებების მთავარი თემა უკრაინის წინააღმდეგ ომი იქნება.
„უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები, რა თქმა უნდა, დღევანდელი შეხვედრის მთავარი ნაწილია. ეს გეგმური ღონისძიებაა, რომლის შესახებაც შეთანხმება რამდენიმე დღის წინ შედგა. ჩვენთვის, მათ შორის მათთვის, ვინც ამ შეხვედრის ორგანიზებაზე მუშაობდა, ეს საიდუმლო არ ყოფილა“, – განაცხადა უშაკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
უშაკოვის განცხადებით, შეხვედრაში კირილ დმიტრიევიც მიიღებს მონაწილეობას. მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ჯარედ კუშნერი ავადმყოფობის გამო რუსეთში არ ჩასულა.
შეგახსენებთ, სამშაბათს, ოსლოში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტორეს, ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდერ სტუბსა და აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შორის მოლაპარაკებები გაიმართა