ბრიუსელში გამართულ NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ უკრაინის ომთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე ისაუბრა და თქვა, რომ მალე გაიგებენ, მართლა სურს თუ არა რუსეთს მშვიდობა და თუ მოსკოვი ვითარებას სტრატეგიულად აჭიანურებს, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მათ მახეში არ გაებმება. მის სიტყვებს გამოცემა Guardian-ი ციტირებს:
“ჩვენ მალე გავიგებთ, რამდენიმე კვირაში, თვეებში არა, მართლა უნდა თუ არა რუსეთს მშვიდობა. მე ვისურვებდი, რომ უნდოდეთ. მსოფლიოსთვის კარგი იქნება, თუ ეს ომი დასრულდება. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს წინადადება უნდა გამოვცადოთ. რუსებმა იციან ჩვენი პოზიცია ომის დასრულების პირობებთან დაკავშირებით და მათი პასუხებიდან ძალიან მალე გვეცოდინება, სერიოზულად აპირებენ ნამდვილი მშვიდობისკენ წინსვლას თუ ეს ტაქტიკური შეფერხებაა. თუ ეს შეფერხების ტაქტიკაა, პრეზიდენტი ამით დაინტერესებული არაა. თუ ეს საქმეს აჭიანურებს, პრეზიდენტი ტრამპი დაუსრულებელი მოლაპარაკებების მახეში არ გაებმება”