შაბათი, აპრილი 18, 2026
Home პოლიტიკა აშშ-ს 50 სენატორი მხარს უჭერს სანქციების კანონპროექტს, თუ რუსეთი მოლაპარაკებებს შეაფერხებს

აშშ-ს 50 სენატორი მხარს უჭერს სანქციების კანონპროექტს, თუ რუსეთი მოლაპარაკებებს შეაფერხებს

by admin

აშშ-ს სენატის ნახევარმა, სიმბოლურად 25-მა რესპუბლიკელმა და 25-მა დემოკრატმა სენატორმა, 1-ელ აპრილს ორპარტიული კანონპროექტი წარადგინა, რომელიც რუსეთზე სანქციების დაწესებას გულისხმობს იმ შემთხვევაში, თუ კრემლი უარს იტყვის უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად მოლაპარაკებებში კეთილი ნებით ჩაერთოს.

კანონპროექტის მთავარი სპონსორები, რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი და დემოკრატი სენატორი რიჩარდ ბლუმენთალი არიან. მათი თქმით, კანონპროექტით პირველადი და მეორადი სანქციები დაწესდება რუსეთისა და უკრაინაში რუსული აგრესიის მხარდამჭერი სუბიექტების წინააღმდეგ თუ მოსკოვი მოლაპარაკებებში არ ჩაერთვება, ან წამოიწყებს მორიგ ძალისხმევას, რომლის მიზანიც სამშვიდობო შეთანხმების დადების შემდეგ უკრაინის სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრა იქნება.

“რუსეთის წინააღმდეგ სანქციებისთვის საჭიროა ტარიფები იმ ქვეყნებზე, რომლებიც რუსულ ნავთობს, ბუნებრივ აირს, ურანსა და სხვა სახის პროდუქტებს ყიდულობენ. მათ [სანქციებს] ძლიერი გავლენა გარკვეული მიზეზების გამო აქვთ”. – წერენ სენატორები გრემი და ბლუმენთალი ერთობლივ განცხადებაში.

“აშშ-ში გაბატონებული მოსაზრებაა, რომ რუსეთი აგრესორია, და რომ ეს საშინელი ომი და პუტინის აგრესია ახლავე უნდა შეწყდეს და სამომავლოდ აღიკვეთოს”. – წერენ ისინი.

სენატთან ერთად კანონპროექტის შესაბამის ვერსიას აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაშიც წარადგენენ, ანალოგიურად როგორც რესპუბლიკელების, ისე დემოკრატების მხარდაჭერით.

კანონპროექტის მხარდამჭერების თქმით, კონგრესის ორივე პალატაში მას უდიდესი მხარდაჭერით მიიღებენ, თუკი სენატისა და წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი ლიდერები კანონპროექტზე კენჭისყრას დაუშვებენ, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გაიმართება კენჭისყრა.

კანონპროექტი აშშ-ს კონგრესში ორპარტიული ერთიანობის იშვიათი მაგალითია, რის პარალელურადაც ვრცელდება ცნობები, რომ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზარდად უკმაყოფილო და “გაბრაზებულია” ვლადიმირ პუტინის მიმართ. ამერიკული ტელეარხ Fox News-ის თეთრი სახლის კორესპონდენტის, ჯაკი ჰაინრიხის ინფორმაციით, საკითხზე ინფორმირებულმა წყარომ განაცხადა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გაღიზიანებულია ვლადიმირ პუტინით და მიაჩნია, რომ რუსეთი “ყოვლისმომცველ ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებს აჭიანურებს”.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay