შაბათი, აპრილი 18, 2026
Home პოლიტიკა მიზნის მისაღწევად საჭიროა, ქუჩის პროტესტთან ერთად ბრძოლას მიეცეს პოლიტიკური ფორმატი – ზურაბიშვილი

მიზნის მისაღწევად საჭიროა, ქუჩის პროტესტთან ერთად ბრძოლას მიეცეს პოლიტიკური ფორმატი – ზურაბიშვილი

by admin

კონსტიტუციური გზით, კანონის უზენაესობის დაცვით ჩვენ ვაგრძელებთ ამ უთანასწორო ბრძოლას – სანამ ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი ლეგიტიმურ მთავრობას არ ჩამოაყალიბებს და არ აირჩევს შემდეგ ლეგიტიმურ პრეზიდენტს, მე ჩემი ფიცის ერთგული ვრჩები, ვემსახურო ქვეყანას, დავიცვა კონსტიტუცია და ქართველი ხალხის ნება და ინტერესი, – ასე მიმართა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს.

“ბევრი მათგანი, არამხოლოდ ვერ აღიარებს, რომ რუსეთის საქმეს აკეთებს, არამედ ვერც ბედავს საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას და იმალება ყოვლისმომცველი რუსული პროპაგანდის ლოზუნგის უკან:

“აბა ომი ხომ არ გინდათ?” დღეს ეს რეჟიმი სამ ძირითად საყრდენზე დგას, მაგრამ ბარბაცებს. ერთი არის ოლიგარქის გარემოცვის ფინანსურ ინტერესებზე და ისინი კვებავენ რეჟიმს. მეორე – რუსული პროპაგანდისა და პროპაგანდისტების, რომლებიც ხალხის მოტყუებასა და დამორჩილებას ცდილობენ; მესამე – რუსული ყაიდის ძალადობრივ სისტემაზე.
|მთავარი მიღწევა, თუ არა ჯერ კიდევ გამარჯვება, ის არის, რომ მათ ვერ შეძლეს ქუჩაში მდგომი ქართველი ხალხის გატეხა ვერც ძალადობით, ვერც დაშინებით, ვერც რუსული კანონებით და ვერც რუსული პროპაგანდით. ევროპული მომავლისთვის ბრძოლის პროცესში დაიბადა ჭეშმარიტი სამოქალაქო სოლიდარობა და ეროვნული თანხმობა. მეორე მხრივ მმართველი პარტიის რეპრესიული რეჟიმის ყოველდღიური გამკაცრება, მხოლოდ მათი პოლიტიკის წარუმატებლობის ნიშანია, პროტესტი ვერ გააჩერეს, ხალხი ვერ გააჩუმეს, ვერ ჩაახშეს, ვერ დააშინეს, ვერ დააქუცმაცეს. ამდენი ფული, უამრავი ბერკეტი და უზომო ძალა ერთ ხელშია, მაგრამ შედეგი არა! ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ პროტესტის ძალა აქციაზე გამოსული ადამიანების რაოდენობით არ იზომება. 4 თვის შემდეგ მხნედ დგომაა ზუსტი საზომი. ერთი ქალის ხმა – “ცეცხლი ოლიგარქიას’ არის ზუსტი საზომი. ერთი დედის შეუპოვარი და დინჯი გამძლეობა ნამდვილი საზომია.

მიზნის მისაღწევად საჭიროა ქუჩის პროტესტთან ერთად ბრძოლას, მასთან შეჯერებით მიეცეს პოლიტიკური ფორმატი, ამიტომ შევთავაზე და დღეს თქვენს წინაშე საჯაროდ ვაცხადებ, რომ შეიქმნას პროევროპული პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობით წინააღმდეგობის პლატფორმა. ამ პლატფორმის მთავარი პრინციპი არის ის, რომ იგი ღიაა ყველა პროევროპული პარტიისა და ჯგუფისთვის, ვინც მზად არის გვერდზე გადადოს პოლიტიკური შეუთავსებლობები, გაიზიარონ პროტესტის ორივე მთავარი მზიანი: დაინიშნოს ახალი სამართლიანი არჩევნები და გათავისუფლდნენ სინდისის პატიმრები.

მიზნების მისაღწევად წინააღმდეგობის პლატფორმა თანხმდება, რომ შეაჯეროს პოლიტიკური პოზიციები, რათა კოორდინირებულად, უფრო ეფექტურად ამხილოს და დაუპირისპირდეს რეჟიმს და მის ქმედებებს, წინააღმდეგობა გაუწიოს და წინ აღუდგეს რეჟიმის მცდელობას, გაანადგუროს საქართველოს განვითარების ყველა პერსპექტივა და მისი ევროპული მომავალი.

პლატფორმა მოამზადებს შეთანხმებულ პოლიტიკურ პოზიციებს გასატანად ქვეყნის შიგნით და გარეთ. კოორდინირებული პოლიტიკური პროცესი ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტის ეგიდით შეიკრიბებიან პლატფორმის მონაწილე სუბიექტები, შეაფასებენ პოლიტიკურ გამოწვევებს, შეაჯერებენ პოზიციებს და შესაძლო ქმედებებს. ამის შესახებ საზოგადოება სრულად და მყისიერად იქნება ინფორმირებული და მჭიდრო კომუნიკაცია დამყარდება სამოქალაქო საზოგადოებასთან და პროტესტის მონაწილე ჯგუფებთან, რათა ერთობლივი სტრატეგია მიღწეული იყოს.

წინააღმდეგობის პლატფორმაში მონაწილე პარტიები თანხმდებიან არჩევნების ახალ პირობებზე და ხმების ერთიანად და ეფექტურად დაცვის მექანიზმის აუცილებლობაზე. მზადყოფნა არჩევნებისთვის, მიუხედავად იმისა, როდის დაინიშნება, ჩვენი მოვალეობაა. მმართველმა პარტიამ ვერ უნდა შეძლოს და გაატაროს თავისი მორიგი სცენარი, მოულოდნელად დანიშნოს არჩევნები, უცვლელი მოცემულობით და გაყალბების შესაძლებლობა შეინარჩუნოს. ჩვენი პასუხისმგებლობაა, დროულად მოვემზადოთ და საზოგადოებასთან და სამოქალაქო სექტორთან ერთად დაუყოვნებლივ შევუდგეთ დამკვირვებლების მასობრივ გადამზადებას, რათა ეფექტურად დავიცვათ ჩვენი ხმები. პარტიული საქმიანობა უნდა ექვემდებარებოდეს საერთო ინტერესებს და წინააღმდეგობის გამარჯვების მიზანს. საერთაშორისო ასპარეზზეც აუცილებელია მეტი კოორდინაცია, ამიტომ [ვგეგმავთ] ერთიანი კალენდრის შექმნას, კოორდინირებულ ვიზიტებსა და გზავნილებს, თუნდაც ერთიან სტრატეგიას, რომელიც პარტნიორების მხარდაჭერის გაძლიერებას და მათთვის დიპლომატიური ნაბიჯების შეთავაზებას მოიცავს.

პარტიები, რომლებიც თანხმდებიან წინააღმდეგობის პლატფორმაში მონაწილეობაზე, აღიარებენ ქართულ ქარტიას, ერთობლივ პრინციპებს და მხარს უჭერენ მას, როგორც სამომავლო პროგრამას, რომლის მეშვეობით საქართველოს დროულად დავაბრუნებთ დემოკრატი9ისა და ევროინტეგრაციის გზაზე”

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay