ხუთშაბათი, ოქტომბერი 15, 2026
Home საზოგადოება 25 ოქტომბერს დავიწყებთ ერთობლივ კამპანიას საქართველოზე ივანიშვილის გარეშე, კამპანია მიზნად ისახავს 28 ნოემბერს დიდი აქციის მოწყობას – “ოპოზიციის ალიანსი”

25 ოქტომბერს დავიწყებთ ერთობლივ კამპანიას საქართველოზე ივანიშვილის გარეშე, კამპანია მიზნად ისახავს 28 ნოემბერს დიდი აქციის მოწყობას – “ოპოზიციის ალიანსი”

by admin

რამდენი პარტიაც არ უნდა აკრძალოს ივანიშვილმა, არ იცვლება ჩვენი, დემოკრატიული ოპოზიციის ამოცანა – მშვიდობიანი და პრინციპული წინააღმდეგობის გაფართოება იქამდე, ვიდრე რეჟიმს არ დავათმობინებთ იმას, რაც მიიტაცა – თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, – ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

ალიანსის განცხადებით, 25 ოქტომბერს, 19:00 საათზე შეიკრიბებიან თსუ-სთან და დაიწყებენ ერთობლივ კამპანიას – “ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს! საქართველო ივანიშვილის გარეშე”. კამპანიის მიზანია, 28 ნოემბერს თბილისში დიდი აქციის გამართვა.

“ოპოზიციური პარტიების აკრძალვით, ივანიშვილი ძალის დემონსტრირებას ცდილობს. მას უნდა, ქართველი ხალხი დაარწმუნოს, რომ მისი რეჟიმი შეუცვლელია და საზოგადოება სისტემურ სიღარიბესა და კორუფციას, უპერსპექტივობასა და ემიგრაციას შეაგუოს. შეაგუოს ევროპისგან და შეერთებული შტატებისგან იზოლაციას, რუსეთის პირისპირ მარტო დარჩენას., რაც საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაკარგვის ტოლფასია.
მაგრამ ერთია, მას რა უნდა, მეორეა – რის საშუალებას მივცემთ.

სინამდვილეში, ამ თავზეხელაღებული ნაბიჯით, მილიარდერი მხოლოდ საკუთარი ლეგიტიმაციის კრიზისს ამხელს – ადასტურებს, რომ ძალაუფლება არალეგიტიმურად აქვს მითვისებული და მისი შენარჩუნება მხოლოდ აკრძალვებსა და რეპრესიებზეა დამოკიდებული.

სინამდვილეში, ამ სასოწარკვეთილი ნაბიჯით, ივანიშვილი აღიარებს, რომ ის არ ენდობა ქართველ ხალხს – მას ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანის ეშინია. სწორედ ამიტომ ართმევს მილიონზე მეტ ამომრჩეველს არჩევანის უფლებას და დაახლოებით ამდენივე ემიგრანტს ხმას.

სწორად ეშინია, რადგან ივანიშვილს არ გააჩნია პასუხი სისტემურ სიღარიბეზე, მაღალ ფასებზე, ემიგრაციით დახლეჩილი ოჯახების პერსპექტივაზე, განათლების ხარისხზე, კორუფციაზე, უმუშევრობაზე, საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალზე – არაფერზე, რაც ქართველ ხალხს რეალურად აწუხებს.

სწორედ ამ პასუხისმგებლობისგან თავის დასაღწევად კრძალავს უკეთესი მომავლის პერსპექტივას და ამ გზით ცდილობს მიტაცებული ძალაუფლების შენარჩუნებას, იმისათვის, რომ ქართველი ხალხის ძარცვა და გაღარიბება შეუფერხებლად განაგრძოს.

მაგრამ, რამდენი პარტიაც არ უნდა აკრძალოს ივანიშვილმა, ჩვენი, დემოკრატიული ოპოზიციის ამოცანა არ იცვლება – მშვიდობიანი და პრინციპული წინააღმდეგობის გაფართოება იქამდე, ვიდრე რეჟიმს არ დავათმობინებთ იმას, რაც მიიტაცა – თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს.

რა აკრძალვაც არ უნდა დაწეროს ივანიშვილმა ქაღალდზე, ჩვენ  მყარად გვჯერა, რომ ქართული საზოგადოება არ დათმობს უფლებას, თავად გადაწყვიტოს, ვის ანდოს საკუთარი მომავალი და არ დათმობს პერსპექტივას, იცხოვროს სამართლიან, უსაფრთხო საქართველოში, სადაც პატიოსანი შრომა დაფასებულია და ცხოვრების ხარისხი ევროპულია.

25 ოქტომბერს, თსუ-ს პირველ კორპუსთან შევიკრიბებით და დავიწყებთ ალიანსის ერთობლივ კამპანიას საქართველოზე, ივანიშვილის გარეშე, რადგან ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს,

კამპანია მიზნად ისახავს 28 ნოემბერს დიდი აქციის მოწყობას თბილისში საქართველოსთვის, სადაც მოქალაქე თავისუფალი და დაცულია, ოჯახი ძლიერია და ცხოვრების ხარისხი ევროპულია.

ქართველი ხალხი თავად გადაწყვეტს საკუთარ მომავალს – ივანიშვილის გარეშე.

25 ოქტომბერს, 19 საათზე თსუ-თან” – ნათქვამია განცხადებაში

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay