სამშაბათი, სექტემბერი 1, 2026
Home სპორტი საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო

საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო

by admin

მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე პორტუგალია 98:90 დაამარცხა.

 

ჩვენი გუნდის სასტარტო ხუთეული: ანდრონიკაშვილი, რიდი, შენგელია, ბითაძე, მამუკელაშვილი. პირველი მეოთხედი მასპინძლებმა, რომელთა რიგებში „ბოსტონის“ ცენტრი კეტა გამოირჩეოდა, 24:16 მოიგო. მეორე პერიოდი საქართველოს ნაკრებმა უკეთ ჩაატარა და პირველი ტაიმი მინიმალურად, 41:42 წააგო.  შესვენების შემდეგ შესანიშნავად ირჯებოდა ანდრონიკაშვილი, რომელიც ჩაჭრებშიც გამოირჩეოდა, ქულებსაც აგროვებდა, 17 ქულით გავედით წინ, ჩვენი შეცდომების შედეგად მოწინააღმდეგემ სხვაობა შეამცირა, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება საქართველოს ნაკრებმა მოიპოვა.

26 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე შენგელია იყო (პლუს 6 მოხსნა და 3 პასი), 22 ქულა მამუკელაშვილმა ჩააგდო (6 მოხსნა, 4 პასი), 20 ანდრონიკაშვილმა (4 ჩაჭრა), 13 რიდმა (2 მოხსნა, 6 პასი), 11 ბითაძემ (5 მოხსნა, 1 პასი), 6 სანაძემ. პორტუგალიელებში ყველაზე მეტი, 20 ქულა კეტამ ჩააგდო, რომელმაც აგრეთვე 11 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ალეკსანდარ ჯიკიჩმა და რატი ანდრონიკაშვილმა მატჩი შეაფასეს და მეტოქის სიძლიერეს გაუსვეს ხაზი.

ალეკსანდრ ჯიკიჩი: ”უპირველეს ყოვლისა, ვულოცავ პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს. ის ძალიან რთული მეტოქეა, ძალიან რთული. მათ იმაზე მეტი ტალანტი აქვთ, ვიდრე ამას ხალხი ხედავს. ვფიქრობ, ეს დროს მოითხოვს, რომ ყველამ გაიაზროს, როგორი კარგი ნაკრები ჰყავთ.

არ არის იოლი მოუგო ესპანეთს, საბერძნეთს და სხვა მეტოქეებს. ჩვენ ვუყურებდით ამ თამაშებს და ეს გუნდი ძალიან კარგად გამოიყურებოდა. იმ შემადგენლობას, რომელსაც საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში ვადევნებდით თვალს, მათ დაამატეს ძირითადი ცენტრები: კეტა, რომელზეც ყველამ ვიცით ვინც არის, და ეს ახალგაზრდა ბიჭი სენტ ჯონსიდან, პრეი.

ეს ნამდვილად სერიოზული გაძლიერებაა ამ გუნდისთვის. გამოცდილ მცველებთან და ისეთ მექულესთან ერთად, როგორიც უილიამსია. დღეს საღამოს ჩვენს წინაშე ძალიან მძიმე ამოცანა იდგა. ჩვენ ვიპოვეთ გზა, თუ როგორ ”გადავრჩენილიყავით”.

მადლობა ჩემს მოთამაშეებს. წარმოიდგინეთ, შენგელია 40 წუთის განმავლობაში მყავდა მოედანზე. თუ ჩემი წამყვანი მოთამაშეების წუთებს შეხედავთ, თითოეულ მათგანს უზარმაზარი დატვირთვის გაძლება მოუწია. ვფიქრობ, მოგების ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც სწორედ ეს არის.

რატი ანდრონიკაშვილი: ”ბევრი არაფერი მაქვს სათქმელი. გავაკეთეთ ის, რაც მწვრთნელმა გვთხოვა. თამაში მოვიგეთ. მადლობა მწვრთნელს, ჩვენს მოთამაშეებს და მთელ საქართველოს. უზომოდ ვამაყობ ბიჭებით და თითოეული ადამიანით.

ზუსტად არ ვიცი, როგორ ვუპასუხო ამას. უბრალოდ მინდა მადლობა გადავუხადო იმ 15 ბიჭს, რომლებიც ჩვენთან ერთად იყვნენ. აი ამ კაცს, რომელსაც რაღაც მიზეზის გამო ჩემი სჯერა და მენდობა, მე კი უბრალოდ ვცდილობ, თუნდაც იმის ნახევარი ვითამაშო. ხომ ხვდებით, რასაც ვგულისხმობ? უბრალოდ ჩემი საქმე გავაკეთო და მორჩა. არ მაინტერესებს ქულები. არაფერი მაინტერესებს, გარდა მოგებისა. უბრალოდ, იმ ადამიანებს, ვისაც ჩემი სჯერა და ასეთი ძალიან ცოტაა, მინდა იმავეთი ვუპასუხო და სულ ეს არის”

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay