ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
“აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ძალიან მტკიცეა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას, რომელიც არასწორი კურსით მიდის”, – განაცხადა კალასმა.
კალასმა საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა, კერძოდ რომელი ნაბიჯებია მიუღებელი ევროკავშირისთვის.
„საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ნათელია. მათ მიერ არჩეული გზა – რეპრესიები ოპოზიციის წინააღმდეგ, მედიის შეზღუდვა და დამტკიცებული კანონები ჩვენთვის მიუღებელია, ამიტომ, ჩვენ გარკვეული პროგრესი უნდა დავინახოთ“, – აღნიშნა კალასმა.
ასევე, კალასმა „ევროსკოპის“ შეკითხვას უპასუხა უნგრეთში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემდეგ ქართველი ოფიციალური პირებისთვის პერსონალური სანქციების დაწესების შესახებ.
„უნგრეთის ახალი მთავრობის სახელით ვერ ვისაუბრებ. ბევრი საკითხია დაბლოკილი. ჩვენ მოლაპარაკებებს ვიწყებთ და იმედია, დადებითი შედეგები იქნება“, – განაცხადა კაია კალასმა