დღეს, კოლეგებთან ერთად განვიხილეთ რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, არსებული გამოწვევები და თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების პერსპექტივები. ხელი მოვაწერეთ ერთობლივ დეკლარაციას, რომელშიც ასახულია ჩვენი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი მინისტერიალის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, მინისტერიალზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს და მშვიდობის უზრუნველყოფის საკითხებს.
ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივ მინისტერიალს შემდეგში საქართველო უმასპინძლებს.
„თურქეთის ქალაქ სტამბოლში, საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მეათე სამმხრივი შეხვედრა გაიმართა. მოხარული ვარ, კოლეგებთან ერთად მომეცა საშუალება კიდევ ერთხელ დავადასტურო ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო პოლიტიკური დიალოგი, ურთიერთნდობა, თანამონაწილეობს სტრატეგიული მნიშვნელობა. დღეს, აქ შევიკრიბეთ არა მხოლოდ სამი ქვეყნის წარმომადგენლები, არამედ როგორც პარტნიორები, რომლებსაც აერთიანებთ მშვიდობის, კეთილდღეობის და განვითარების საერთო ხედვა.
ჩვენმა თანამშრომლობამ აჩვენა, რომ ურთიერთპატივისცემასა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული პარტნიორობა მნიშვნელოვან შედეგებს იძლევა, როგორც ჩვენი ქვეყნებისთვის, ასევე მთელი რეგიონისთვის. საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანი წლების განმავლობაში წარმოადგენდნენ წარმატებული რეგიონული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითს. ჩვენი პარტნიორობის წარმატებას ადასტურებს არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული, ენერგეტიკული თუ სატრანსპორტო პროექტი, რომელიც მთელი რეგიონისთვის არის მნიშვნელოვანი.
მოხარული ვარ, რომ დღეს შეგვიძლია შევაფასოთ ამ თანამშრომლობის პრაქტიკული შედეგები. თანამედროვე საერთაშორისო გარემოში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით სამმხრივი ფორმატი გვაძლევს შესაძლებლობას საერთო ინტერესების განსახორციელებლად კოორდინირებულად ვიმუშაოთ.
დღეს, კოლეგებთან ერთად განვიხილეთ რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, არსებული გამოწვევები და თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების პერსპექტივები. ხელი მოვაწერეთ ერთობლივ დეკლარაციას, რომელშიც ასახულია ჩვენი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები.
განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს და მშვიდობის უზრუნველყოფის თემებს. ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობა და სტაბილურობა წარმოადგენს, როგორც რეგიონის განვითარების, ისევ საერთაშორისო უსაფრთხოების წინაპირობას“,- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა