ბუდაპეშტში გამარჯვების აღსანიშნავ ღონისძიებაზე უნგრეთის ოპოზიციის ლიდერმა, პეტერ მაგიარმა მხარდამჭერებს მიმართა და თქვა, რომ პარტია Tisza უნგრეთს ევროკავშირის კურსს დაუბრუნებს.
“უნგრეთმა უთხრა “დიახ” ევროპას. […] უნგრეთი კვლავ გახდება ევროკავშირისა და NATO-ს ძალიან მტკიცე მოკავშირე. […] 1000 წელია, რაც უნგრეთი ევროპაშია და ის აქ დარჩება”. – თქვა მადიარმა.
მადიარმა ასევე დაამატა, რომ პრემიერმინისტრის როლში პირველად პოლონეთს ეწვევა, შემდგომ ავსტრიას, საბოლოოდ კი – ბრიუსელს.
უნგრული ოპოზიციის ლიდერმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ახალი მმართველი პარტია ორბანის მთავრობის “მარიონეტებს” გაათავისუფლებს და ხელისუფლების შტოების დამოუკიდებლობასა და დემოკრატიას აღადგენს. მისივე თქმით, “მათ, ვინც ქვეყნისგან მოიპარეს, პასუხი უნდა აგონ” და უნგრეთი “აღარ იქნება ქვეყანა შედეგების გარეშე”.
მადიარმა მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და უთხრა, რომ მათ “ერთად გაათავისუფლეს უნგრეთი და თავიდან მოიცილეს ორბანის რეჟიმი”. მადიარმა ხაზი გაუსვა, რომ ამ არჩევნების შედეგი რეკორდულია. ამასთან, მადიარმა აღნიშნა, რომ ოპოზიციურ პარტია ახლა პარლამენტში ადგილების ორ მესამედზე მეტს დაიკავებს.
“დემოკრატიული უნგრეთის ისტორიაში ამდენ ადამიანს არასდროს არ მიუცია ხმა და არც ერთ სხვა პარტიას არ მიუღია ამხელა მანდატი”. – თქვა მადიარმა.
ოპოზიციის ლიდერის თქმით, ორბანის რეჟიმმა Tisza-ს შესაჩერებლად ყველა ზომას მიმართა, მათ შორის, დაზვერვის სამსახურებიც გამოიყენა, თუმცა ოპოზიციის გამარჯვებით “სიმართლემ ტყუილები დაამარცხა”, ხოლო დღეს “სიყვარულმა გაიმარჯვა, რადგან სიყვარული ყოველთვის იმარჯვებს”.
“Tisza-მ არა მხოლოდ მოიგო არჩევნები – ყველა ნიშანი მიუთითებს ეროვნულ ასამბლეაში მტკიცე ორი მესამედის უმრავლესობას. ეს ნიშნავს ძალაუფლების მშვიდობიან, ეფექტიან გადაცემას”. – თქვა მადიარმა.
ცნობისთვის, წინასწარი შედეგებით, უნგრეთის ოპოზიციურ პარტიას, Tisza-ს პარლამენტში სუპერუმრავლესობის, ანუ მანდატების ორი მესამედის, მოსაპოვებლად საკმარისი ხმა აქვს. სუპერუმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში Tisza-ს კონსტიტუციის შეცვლა შეეძლება