ზელენსკიმ პირველად საჯაროდ წარმოადგინა ომის დასრულების შესახებ 20-პუნქტიანი დოკუმენტის პროექტი, რომელსაც მან უკრაინას, შეერთებულ შტატებს, ევროპასა და რუსეთს შორის “ძირითადი დოკუმენტი” უწოდა
პუნქტი 1: უკრაინის სუვერენიტეტი ხელახლა დადასტურდება. ვაცხადებთ, რომ უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა და შეთანხმების ყველა ხელმომწერი ამას საკუთარი ხელმოწერით ადასტურებს.
პუნქტი 2: ეს დოკუმენტი რუსეთისა და უკრაინის შორის სრულ და უპირობო თავდაუსხმელობის შეთანხმებას წარმოადგენს. აღინიშნება, რომ გრძელვადიანი მშვიდობის შესანარჩუნებლად შეიქმნება მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც კონტაქტის ხაზის კონტროლს უზრუნველყოფს კოსმოსური უპილოტო მონიტორინგის საშუალებით, დარღვევების ადრეული შეტყობინებისა და კონფლიქტების აღმოფხვრის მიზნით.
პუნქტი 3: უკრაინამ უნდა მიიღოს სანდო უსაფრთხოების გარანტიები.
პუნქტი 4: მშვიდობიან პერიოდში უკრაინის შეიარაღებული ძალების წევრთა რაოდენობა 800 000-მდე განისაზღვრება.
პუნქტი 5: შეერთებულმა შტატებმა, NATO-მ და ხელმომწერმა ევროპულმა ქვეყნებმა უკრაინას უნდა მისცენ უსაფრთხოების გარანტიები, ლოგიკით, რომელიც NATO-ს მე-5 მუხლს უახლოვდება.
თუ რუსეთი კვლავ თავს დაესხმება უკრაინას – კოორდინირებული სამხედრო პასუხის გარდა, რუსეთის წინააღმდეგ ყველა გლობალური სანქცია აღდგება.
თუ უკრაინა შეიჭრება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ან პროვოკაციის გარეშე გახსნის ცეცხლს რუსეთის ტერიტორიაზე – გარანტიები ჩაითვლება გაუქმებულად. ხოლო თუ რუსეთი გახსნის ცეცხლს უკრაინის წინააღმდეგ – გარანტიები ამოქმედდება.
პუნქტი 6: რუსეთმა იურიდიულად უნდა დააფიქსიროს უკრაინისა და ევროპის მიმართ თავდაუსხმელობის პოლიტიკა – შესაბამისი კანონების მიღებისა და რატიფიკაციის პროცედურების გზით, მათ შორის სახელმწიფო დუმაში კენჭისყრით. უკრაინული მედია წერს, რომ დოკუმენტში ეს პუნქტი აღნიშნულია, როგორც აშშ-ს მიერ წარდგენილი წინადადება.
პუნქტი 7: უკრაინისთვის ევროკავშირში გარკვეულ ვადაში გაწევრიანება და ევროპულ ბაზარზე დროებითი პრიორიტეტული წვდომა განისაზღვრება. უკრაინული მედია აღნიშნავს, რომ წევრობის კონკრეტული ვადები ცალკეული განხილვის საგანია და როგორც აღნიშნულია, ჯერ კიდევ საჭიროებს ევროპის მხრიდან დადასტურებას.
პუნქტი 8: უკრაინისთვის “განვითარების პაკეტი” უნდა შემუშავდეს, რომელიც ცალკე საინვესტიციო შეთანხმების სახით გაფორმდება მომავალი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. უკრაინული მედიის ცნობით, ამ პუქნტში იგულისხმება:
სწრაფად მზარდ სფეროებში ინვესტიციებისთვის განვითარების ფონდის შექმნა (ტექნოლოგიები, მონაცემთა ცენტრები, ხელოვნური ინტელექტი);
უკრაინასთან გაზის ინფრასტრუქტურის აღდგენაში, მოდერნიზაციასა და ექსპლუატაციაში აშშ-სა და ამერიკული კომპანიების თანამშრომლობა;
დაზარალებული ტერიტორიების, ქალაქებისა და საცხოვრებელი კვარტლების აღდგენა და განახლება;
ინფრასტრუქტურის განვითარება;
იშვიათი წიაღისეულისა და ბუნებრივი რესურსების მოპოვება;
მსოფლიო ბანკის მიერ სპეციალური დაფინანსების პაკეტის მომზადება;
მაღალი დონის სამუშაო ჯგუფის შექმნა და აღდგენის გეგმის რეალიზაციისთვის “კეთილდღეობის” ადმინისტრატორის/კოორდინატორის დანიშვნა.
პუნქტი 9: ეკონომიკის აღდგენის, განადგურებული ტერიტორიების რეკონსტრუქციისა და ჰუმანიტარული საჭიროებებისთვის რამდენიმე ფონდის შექმნა იგეგმება. გაცხადებული მიზანია 800 მილიარდი დოლარის მოზიდვა.
აშშ-მ და ევროპულმა სახელმწიფოებმა უკრაინაში ინვესტირებისთვის უნდა ჩამოაყალიბონ კაპიტალისა და გრანტების ფონდი დაახლოებით 200 მილიარდი დოლარის ოდენობით.
ომისშემდგომი აღდგენისათვის გათვალისწინებულია ფინანსური ინსტრუმენტების ფართო სპექტრი; საერთაშორისო ინსტიტუტებმა უნდა გააძლიერონ ეს პროცესები.
უკრაინა აცხადებს საუკეთესო მსოფლიო სტანდარტების დანერგვას პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად.
ცალკე ფიქსირდება უკრაინის უფლება ზარალის კომპენსაციაზე.
პუნქტი 11: უკრაინა ადასტურებს არაბირთვული სახელმწიფოს სტატუსს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების შესაბამისად.
პუნქტი 12: ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაცია შემოთავაზებულია ერთობლივ ფორმატში.ამერიკული წინადადების მიხედვით, რუსეთსა და უკრაინას შორის სადგურის კონტროლი თანაბრად გადანაწილდება განაწილება, ხოლო აშშ სადგურის მთავარი მენეჯერის როლს დაიკავებს.
პუნქტი 13: უკრაინამ და რუსეთის ფედერაციამ უნდა დანერგონ საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც ხელს შეუწყობს ურთიერთგაგებასა და ტოლერანტობას და შეებრძოლება რასიზმსა და ნეგატიურ წინასწარგანწყობებს. უკრაინისთვის ასევე განსაზღვრულია ევროკავშირის ნორმების იმპლემენტაცია რელიგიური ტოლერანტობისა და უმცირესობათა ენების დაცვის სფეროში.
პუნქტი 14: შეთანხმების ძალაში შესასვლელად რუსეთის ფედერაცია თავისი ჯარების გამოყვანას ახორციელებს დნეპროპეტროვსკის, ნიკოლაევის, სუმის და ხარკოვის ოლქებიდან.
ვარიანტი A: დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში ამ შეთანხმების თარიღისთვის არსებული ჯარების განლაგების ხაზი დე-ფაქტო აღიარებულია კონტაქტის ხაზად. იქმნება სამუშაო ჯგუფი საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისთვის საჭირო ძალების გადაადგილების განსასაზღვრად, ასევე პოტენციური მომავალი სპეციალური ეკონომიკური ზონების პარამეტრების დასადგენად.
ვარიანტი B: განიხილება დონბასის ტერიტორიაზე პოტენციური თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა – მის დასამტკიცებლად უკრაინა მზად არის რეფერენდუმი ჩაატაროს საკუთარ კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიებზე. თუმცა კენჭისყრაზე დადგება მთლიანი ხელშეკრულების მხარდაჭერა და არა მხოლოდ სპეციალური ეკონომიკური ზონის შესახებ პუნქტი. გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში უკრაინას, შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის გაფორმდება დამატებითი შეთანხმება, რომელიც სპეციალური ეკონომიკური ზონის სტატუსს განსაზღვრავს.
პუნქტი 15: მომავალი ტერიტორიული შეთანხმებების შეთანხმების შემდეგ როგორც რუსეთის ფედერაცია, ისე უკრაინა ვალდებულებას იღებენ, რომ ამ შეთანხმებებს ძალის გამოყენებით არ შეცვლიან.
პუნქტი 16: რუსეთი არ შეუშლის ხელს უკრაინას მდინარე დნეპრისა და შავი ზღვის გამოყენებაში კომერციული საქმიანობის მიზნებისთვის. დაიდება დამათებითი საზღვაო და წვდომის შესახებ შეთანხმებები, რომელიც ნავიგაციისა და გადაზიდვების თავისუფლებას მოიცავს. კინბურნის კონცხი დემილიტარიზებული იქნება.
პუნქტი 17: ღია საკითხების მოსაგვარებლად შეიქმნება ჰუმანიტარული კომიტეტი.
ყველა სამხედრო ტყვე, მათ შორის 2014 წლიდან რუსეთის სისტემის მიერ გასამართლებულები, გაცვლილი იქნებიან პრინციპით “ყველა — ყველასთვის”;
ყველა დაკავებული სამოქალაქო პირი და მძევალი, მათ შორის ბავშვები და პოლიტიკური პატიმრები, დაბრუნდებიან;
მიღებული იქნება ზომები ომის მსხვერპლთა პრობლემებისა და ტანჯვის აღმოსაფხვრელად.
პუნქტი 18: უკრაინამ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ რაც შეიძლება მალე უნდა ჩაატაროს არჩევნები. პირველ რიგში, საპრეზიდენტო: უმაღლესმა რადამ უნდა შეიმუშაოს და დაამტკიცოს მექანიზმი, თუ როგორ შეიძლება მათი ჩატარება სამხედრო მდგომარეობის შეზღუდვების მოხსნამდე. ამის შემდეგ – საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები.
პუნქტი 19: ეს შეთანხმება იურიდიულად სავალდებულო იქნება. მისი შესრულება კონტროლდება და გარანტირებული იქნება მშვიდობის საბჭოს მიერ, პრეზიდენტ ტრამპის თავმჯდომარეობით. ამ მექანიზმის ნაწილი იქნებიან უკრაინა, ევროპა, NATO, რუსეთი და შეერთებული შტატები. დარღვევებისთვის გათვალისწინებული იქნება სანქციები.
პუნქტი 20: მას შემდეგ, რაც ყველა მხარე ამ შეთანხმებას დაეთანხმება დაუყონებლივ შეწყდება ცეცხლი ყველა მიმართულებით