აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი, 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს გამოეხმაურა. მილერმა ისაუბრა გარემოზე, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნებზე სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენების, ხმების ყიდვისა და ამომრჩევლის დაშინების ფონზე შეიქმნა.
„ქართველები შაბათს მივიდნენ საარჩევნო უბნებზე, სადაც საარჩევნო გარემო განპირობებული იყო მმართველი პარტიის პოლიტიკით, მათ შორის, საჯარო რესურსების ბოროტად გამოყენებით, ხმების მოსყიდვით და ამომრჩეველთა დაშინებით. ამ ყველაფერმა ხელი შეუწყო არათანაბარი სათამაშო მოედნის შექმნას და შეარყია საზოგადოებისა და საერთაშორისო საზოგადოების ნდობა სამართლიანი შედეგის შესაძლებლობის მიმართ”, – ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს, ამ განცხადებით გამოეხმაურა. დღევანდელი პრესკონფერენცია, მეთიუ მილერმა, სწორედ საქართველოზე საუბრით დაიწყო.
მან გაიმეორა სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკების მოწოდება, საარჩევნო დარღვევების გამოძიების აუცილებლობასთან დაკავშირებით.
“ჩვენ ვუერთდებით საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებას, საარჩევნო დარღვევების სრული გამოძიების მოთხოვნაში. ასევე მოვუწოდებთ, პატივი სცენ გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების ფუნდამენტურ უფლებას”, – უთხრა ჟურნალისტებს მილერმა.
მილერის თქმით, საქართველოს ჯერ არ დაუკარგავს დემოკრატიულ გზაზე დაბრუნების შანსი და ამისთვის რამდენიმე ნაბიჯის გადადგმაა საჭირო.
“საქართველოს მთავრობას შეუძლია თავიდან დაბრუნდეს ევროატლანტიკურ, დემოკრატიულ გზას – კანონის უზენაესობის პატივისცემით, საარჩევნო პროცესში დაფიქსირებული პრობლემების გადაჭრით, არადემოკრატიული კანონმდებლობის უკან გაწვევით და ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო რეკომენდაციების ზედმიწევნით კარგად შესრულებით. ამ წლის განმავლობაში, ჩვენ მუდმივად მოვუწოდებდით საქართველოს მთავრობას, შეეწყვიტა ანტიდემოკრატიული ქმედებები და დაბრუნდებოდა თავის ევრო-ატლანტიკურ გზას”, – განმარტავს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი.
შეკითხვაზე პასუხად, აღიარებს თუ არა სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ოფიციალურ შედეგებს, მილერმა თქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს სურს საარჩევნო დარღვევების გამოძიება მოხდეს.
საარჩევნო დარღვევების გამოძიებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე მილერმა დააკონკრეტა: “მე არ მითქვამს, რომ საქართველოს ოფიციალურმა პირებმა უნდა ჩაატარონ ეს გამოძიება. ჩვენ გვაქვს კონსულტაციები ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან და განვიხილავთ რომელმა უწყებამ შესაძლოა რომ ეს გამოძიება ჩაატაროს”.
პრესკონფერენციაზე საუბრის დროს, მილერმა ასევე დაამატა, რომ ამერიკის სამომავლო ნაბიჯები საქართველოსთან მიმართებით, მთლიანად იქნება დამოკიდებული საქართველოს ქმედებებზე.
შეკითხვაზე პასუხად, ხედავს თუ არა რუსეთის ჩართულობას საქართველოს არჩევნებში, მილერმა თქვა, რომ ამაზე პასუხი, ამ ეტაპზე, არ აქვს და გამოძიებას დაელოდება. თუმცა, მან ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის ქმედებებს.
ამერიკის ხმა