იდენტობის სერიოზული კრიზისია ევროპაში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ევროპის ქვეყნებში არის სერიოზული იდენტობის კრიზისი ეთნიკური, რელიგიური, პიროვნული იდენტობის კუთხით.
„ჩვენ რატომ ვითხოვთ დიალოგს და დისკუსიას – ვითხოვთ ერთადერთი მარტივი მიზეზით, როცა გვეუბნებიან მაგალითად, რომ ხელისუფლებამ და ქვეყანამ გადაუხვია ევროპულ კურსს, აგვიხსნან, რით გამოიხატება ეს, ოღონდ აგვიხსნან. ხომ უნდა დავსხდეთ და აგვიხსნან, განგვიმარტონ, არგუმენტები წარმოადგინონ, იქნებ ჩვენც გვაქვს ჩვენი არგუმენტები. მაგალითად კანონებთან დაკავშირებით.
ისინი თავის დროზე გამოვიდნენ სამარცხვინო კამპანიით გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, რაც უკვე მთელმა საზოგადოებამ გაიგო. მთელმა საზოგადოებამ ხომ გაიგო უკვე, რომ ეს კანონი არ იყო რუსული. გამოვიდა სამარცხვინოდ ამერიკის მაშინდელი ელჩი, ევროკავშირის ელჩი და სამარცხვინო, სიცრუეზე აგებული კამპანი აწარმოეს ამ კანონის წინააღმდეგ, ხომ გაიგო უკვე ყველამ. ამ ფონზე, კიდევ ერთხელ გვჭირდება ჩვენ განმარტების მოსმენა ამ ყველაფერთან დაკავშირებით, რატომ აწარმოეს თავის დროზე ეს კამპანია. ჩვენ გვაქვს ჩვენი არგუმენტები, ამისთვი არის საჭირო დისკუსია. ან როცა ვსაუბრობთ კანონზე ოჯახური ღირებულებების შესახებ და არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის შესახებ, იქაც ხომ უნდა აგვიხსნან, რატომ არის არაევროპული ის, რომ არ შეიძლება წავიდეს ვიღაც, სახელად ჯუმბერი და ჩაეწეროს ქალად. ხომ უნდა აგვიხსნან, რომ ეს არის ცუდი, განგვიმარტონ. ამიტომ ვითხოვთ დისკუსიას, მეტი კი არაფერი.
იდენტობის სერიოზული კრიზისია ევროპაში. პირველი, დავიწყოთ ეთნიკური საკითხებით. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც აქვს ევროპის ქვეყნებს, არის თავსმოხვეული მიგრაცია, რასაც პირდაპირ გადაწყვეტილებების დონეზე ახვევენ თავს. ამან გამოიწვია ეთნიკური მონაცემების რადიკალური ცვლილება. ეს ერთი, პირველი ფაქტი. ამიტომ გვინდა დისკუსია, რომ ფაქტებით ვისაუბროთ. მეორე – რელიგიური იდენტობა. უკვე არის არაერთი ქვეყანა ევროპაში, სადაც მოსახლეობის ნახევარზე ნაკლები აცხადებს საკუთარ თავს ქრისტიანად. ეს რელიგიური იდენტობა. რაც შეეხება პიროვნულ იდენტობას: ჩვენს მიმართ აქვთ ეს მოთხოვნა, სხვა ქვეყნებს თავი დავანებოთ, რომ შენ შეგიძლია, შენ უნდა წახვიდე რეესტრში და შენ რომ ხარ კაცი, შეგიძლია ჩაეწერო ქალად. ამას ითხოვენ ჩვენგან. ეს არ არის პიროვნული იდენტობის დაკარგვა?. ზეპირი და ზოგადი განცხადებები არის სხვა რამე, მაგრამ ფაქტები არის ის, რომ ევროპის ქვეყნებში არის სერიოზული იდენტობის კრიზისი ეთნიკური, რელიგიური, პიროვნული იდენტობის კუთხით. ევროკავშირი ჩვენგან ითხოვს, რომ წახვიდე და ერთსქესიანმა წყვილმა შეიძლება შვილი აიყვანოს, შეიძლება წავიდეს კაცი და ჩაეწეროს ქალად, ქალი შეიძლება წავიდეს და ჩაეწეროს კაცად.
საქართველოს ისტორიული არჩევანი არის ევროპა. ევროპა ხომ არის ჩვენი ისტორიული არჩევანი. ევროკავშირი უკვე რამდენიმე ათეული წელია შეიქმნა. ჩვენი ისტორიული არჩევანი არის ევროპა. ევროკავშირი არის ინსტიტუციური გამოხატულება. ამიტომ ისტორიულ არჩევანზე როცა ვსაუბრობთ, ესეც სწორად უნდა ითქვას, რომ ევროპა არის ჩვენი ისტორიული არჩევანი. და რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ – იდენტობის პრობლემებზე – ევროპამ თუ დაკარგა საკუთარი ევროპული იდენტობა, ეს არსებითი პრობლემაა. ჩვენ რას ვამბობთ, რომ იმედი გვაქვს, ევროპა მოახერხებს, მათ შორის ევროკავშირი მოახერხებს შემობრუნებას. ძალიან სწრაფად იცვლება გლობალურად მოვლენები და შეიძლება რაღაც მოხდეს ორ წელიწადში, სამ წელიწადში, ოთხ წელიწადში. ამასობაში ვაგრძელებთ გზას“, – განაცხადა პრემიერმა