GEO TEAM-ის ინფორმაციით “იბერია 1999-ის” ერთ-ერთმა ლიდერმა და მიმდინარე ეროვნული ლიგის ბომბარდირმა (11 გოლი) იური ტაბატაძემ ესპანეთის ლა ლიგა 2-ის ბინადარ “კადისში” წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება და რამდენიმე საათში ანდალუსიურ კლუბთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
ერთი მხრივ, საქართველოს მოქმედი ჩემპიონისთვის იური ტაბატაძის წასვლა ნიშნავს შეტევითი პოტენციალის შესუსტებას, თუმცა თავად ფეხბურთელისთვის, სანაკრებო პერსპექტივიდან გამომდინარე, უცხოურ პრაქტიკა, მით უფრო ესპანეთის რანგით მეორე ლიგაში, უთუოდ სასარგებლო უნდა იყოს.
25 წლის ტაბატაძისთვის, რომელიც “საბურთალოს” (დღევანდელი “იბერია 1999”) აკადემიის აღზრდილია, “კადისი” მეორე უცხოური კლუბი იქნება სლოვაკური “ზლატე მორავცეს” შემდეგ, სადაც ის შარშან ნახევარი წლით იყო განათხოვრებული.
გიორგი მამარდაშვილის, გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი ქოჩორაშვილის წასვლის შემდეგ ესპანეთის ლიგებში ახლა ყველაზე ცნობილი ქართველი, 29 წლის ლადო მოხევიშვილია – საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი წევრი, რომელიც რანგით მე-4 ლიგაში (Segunda RFEF) “ალკოიანოს” ღირსებას იცავს