ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ სტუბის თქმით, რუსეთის მხრიდან უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებების მაგიდაზე მისვლის მზაობის ნიშნებს ვერ ხედავს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ უახლოეს მომავალში პუტინსა და ზელენსკის შორის ორმხრივი შეხვედრის მოწყობა მოხერხდება.
სტუბმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან დროის გაწელვის გამო აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შესაძლოა მოთმინება დაკარგოს და პუტინზე ზეწოლა გაზარდოს.
ამის შესახებ სტუბმა ფინურ გამოცემასთან, Helsingin Sanomat-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ილაპარაკა.
სტუბის შეფასებით, რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების გაგრძელება “სულ მცირე შემოდგომამდე სურს, რათა მის მიერ დაპყრობილი ტერიტორია მაქსიმალურად გაზარდოს.
“თუ ამოცანას ვაშინგტონის შემდეგ ორ კვირაში ორმხრივი შეხვედრა წარმოადგენდა, ესე იგი, ამ ორშაბათიდან ერთ კვირაში, მაშინ მგონია, რომ ეს საკმაოდ ნაკლებად მოსალოდნელია. გაჭიანურების რუსული ტაქტიკა გრძელდება”. – თქვა სტუბმა.
სტუბმა თქვა, რომ 21 აგვისტოს საღამოს ტრამპს ელაპარაკა და დაინახა ნიშნები, რომ აშშ-ს პრეზიდენტი მოთმინებას კარგავს. მისივე თქმით, ტრამპის მოთმინება ორი ფაქტორის გამო შეიძლება ამოიწუროს – რუსეთის მხრიდან დროის გაწელვის ტაქტიკისა და სამოქალაქო სამიზნეებზე რუსეთის მხრიდან მუდმივი თავდასხმების გამო.
ფინეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პუტინი ალასკაში მოლაპარაკებებისთვის მხოლოდ მას შემდეგ ჩავიდა, რაც ტრამპმა ინდოეთის წინააღმდეგ ტარიფები გამოაცხადა. მისივე თქმით, მხოლოდ ტრამპს შეუძლია, რომ პუტინს მშვიდობაზე დათანხმება აიძულოს.
“არსებობს მხოლოდ ერთი ადამიანი, ვისაც შეუძლია პუტინი აიძულოს, რომ მშვიდობა დაამყაროს და ეს პრეზიდენტი ტრამპია. ის ერთადერთი ადამიანია, რომელსაც პუტინი უსმენს და, გულწრფელად რომ ვთქვათ, ერთადერთი ადამიანია, ვისიც პუტინს ეშინია”. – თქვა სტუბმა