მალე აღმოაჩენთ, რომ ჯო ბაიდენი პრეზიდენტი აღარ არის, მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხედით, – ასე გამოეხმაურა ამერიკელი სენატორი, ლინდსი გრემი რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებას, რომელმაც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ვლადიმერ პუტინისთვის მიცემულ 10 ან 12 – დღიან ბოლო ვადას „ომისკენ გადადგმული ნაბიჯი“ უწოდა.
„რუსეთში მათ, ვინც თვლის, რომ პრეზიდენტი ტრამპი რუსეთსა და უკრაინას შორის სისხლისღვრის დასრულების მიმართ სერიოზულად არ არის განწყობილი: მალე თქვენც და თქვენი კლიენტებიც შეცდებით. მალე აღმოაჩენთ, რომ ჯო ბაიდენი პრეზიდენტი აღარ არის. მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხედით“, – წერს ლინდსი გრემი X-ზე.
“არც შენი და არც ტრამპის საქმე არ არის, როდის “დავსხდებით მოლაპარაკებების მაგიდასთან”. მოლაპარაკებები მაშინ დასრულდება, როდესაც ჩვენი სამხედრო ოპერაციის ყველა მიზანს მივაღწევთ. პირველ რიგში ამერიკაზე იზრუნე, ბაბუ!”, – წერს მედვედევი.
შეგახსენებთ, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შოტლანდიაში, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან შეხვედრისას განაცხადა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად რუსეთს 10 ან 12 – დღიანი ბოლო ვადა მისცა.
“ვაპირებ, ახალი ბოლო ვადა დავაწესო, დღეიდან 10 ან 12 დღის ოდენობით. ლოდინს აზრი აღარ აქვს. მინდა, რომ გულუხვი ვიყო, მაგრამ პროგრესს ვერ ვხედავთ”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ტრამპის განცხადებას მედვედევი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „დონალდ ტრამპის ყოველი ახალი ულტიმატუმი მუქარა და ომისკენ გადადგმული ნაბიჯია, არა რუსეთსა და უკრაინას შორის, არამედ მის ქვეყანასთან“