თბილისის ლოკომოტივში 2025 წლის სეზონის მეორე ნახევრის წინ სიახლეებია: კლუბის მფლობელობისა და მენეჯმენტის ფუნქციები გაიმიჯნა. კლუბს ახალი პრეზიდენტი ჰყავს – გიორგი ყიფიანი, რომელიც რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს. ლოკომოტივში კიდევ ერთი სიახლე ისაა, რომ შეიქმნა ბორდი, რომლის ერთ-ერთი წევრი იქნება შოთა არველაძე. ის თავისი გამოცდილებით ჩაერთვება კლუბის განვითარების პროცესში:
“ვიქნები ბორდში, სადაც კიდევ იქნებიან გამოცდილი ადამიანები. მივიღე ეს გამოწვევა, რადგან კლუბმა ამ წლებში შეძლო წარმატების მიღწევაც, ფეხბურთელების გაზრდაც, ზოგი ნაკრებში თამაშობდა, ზოგი უცხოეთში წავიდა, შესაბამისად, კლუბს უფრო მეტი შეუძლია მისცეს ქართულ ფეხბურთს. ამიტომაც, შეიქმნა ბორდი, რომ ყველამ თავისი მაქსიმუმი გამოავლინოს, როცა საჭირო იქნება. დიდი სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას ჩემი გამოცდილებით, ჩავერთვები ახალ წამოწყებაში, რაც ამ კლუბს განავითარებს, ჩავერთვები ყველაფერში, პარტნიორის მოძიება იქნება ეს თუ სხვა. მინდა, რომ გამოცდილება გავუზიარო კლუბს” – შოთა არველაძე.
გიორგი ყიფიანი, “ლოკომოტივის” პრეზიდენტი – “10 წელი ვიმუშავე ამ სისტემაში, გუნდის მენეჯმენტის სათავეში. ახლა უკვე ახალი სტატუსით სხვა პერსპექტივით დავინახავ ყველაფერს და სხვა მოტივაცია იქნება. ძალიან დიდი მადლობა ლექსო თოფურიას გადაწყვეტილებისა და ნდობისთვის. კლუბს ბევრი რამ აქვს გასაუმჯობესებელი, თუმცა, ბორდის შექმნის პირობებში ჩამოყალიბდა რამდენიმე ძირითადი მიმართულება, რაზეც თავიდან ვიმუშავებთ. პირველი იქნება ინვესტიციების მოზიდვა და მათი სწორად გახარჯვა. აკადემიის განვითარება, საკუთარი პროდუქტის შექმნა ფეხბურთელების სახით ჩვენნაირი საფეხბურთო ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია და ზოგადად, სპორტული შედეგების გაუმჯოესება იქნება ერთ-ერთი მიზანი. ასევე, რაც მთავარია, გულშემატკივრის რაოდენობის გაზრდა, გულშემატკივრის გარეშე ფეხბურთს და ამ სფეროს აზრი არ აქვს და გვინდა, რომ ეს იყოს საწყისი ეტაპი. მჯერა, რომ ამ შემადგენლობით და მენეჯმენტით არსებობს პერსპეტივა, რომ ეს ყველაფერი განხორციელდეს და მივაღწიოთ მიზნებს, რომლებსაც ერთად დავისახავთ”.
შეგახსენებთ, რომ თბილისის ლოკომოტივი ამჟამად ეროვნულ ლიგა 2-ში გამოდის, სადაც 16 ტურის შემდეგ 19 ქულით მერვე ადგილზეა