ალექსანდრ ვუჩიჩის კარდიოლოგის, დრაგან დინჩიჩის თქმით, სერბეთის პრეზიდენტი, რომელიც ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება და წესით, 9 მაისს მოსკოვში გამარჯვების დღის აღსანიშნავ აღლუმს უნდა დაესწროს, დიდი ალბათობით, უახლოეს დღეებში მოვალეობებს სრულყოფილად ვერ შეასრულებს. ინფორმაციას Ukrianska Pravda სერბეთის საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვუჩიჩის კარდიოლოგის თქმით, პრეზიდენტს ჯანმრთელობის იგივე პრობლემა ბოლო 10 წლის განმავლობაში სამჯერ ჰქონდა, რაც სისხლის უკიდურესად მაღალ წნევას უკავშირდება.
3 მაისს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალექსანდრ ვუჩიჩი აშშ-ში მოკლევადიანი ვიზიტის დროს შეუძლოდ გახდა და ამერიკელ ოფიციალურ პირებთან დაგეგმილი შეხვედრები გააუქმა.
“დეტალებში ვერ შევალ, თუმცა როდესაც [პრეზიდენტი] ამერიკაში იყო, გულმკერდის ძლიერი ტკივილი დაეწყო, რამაც ცოტა ხანი გასტანა – მისი თქმით, მხოლოდ რამდენიმე წამი, რაც თანხვედრაში არ მოდის ოთახში მასთან ერთად მყოფი სხვა ადამიანების მონაყოლთან, რომლებმაც თქვეს, რომ ტკივილმა უფრო დიდი ხნის განმავლობაში გასტანა”. – თქვა კარდიოლოგმა.