რუსეთი აჭიანურებს ომს და ჩვენ პარტნიორებს ვაწვდით სრულ ინფორმაციას რუსული არმიის მიერ განხორციელებული დარტყმებისა და იმ მოქმედებების შესახებ, რომლისთვისაც ემზადება. ველით შეერთებული შტატების, ევროპისა და ყველა ჩვენი მოკავშირის პასუხს ჩვენი ხალხის წინააღმდეგ ამ ტერორზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, სადაც რუსული ძალების მიერ ხარკოვზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება.
“რუსეთის გუშინდელმა დარტყმამ ხარკოვზე, სამწუხაროდ, ორი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს და ახლობლებს. დაშავდა 30-მდე ადამიანი – ყველამ მიიღო საჭირო სამედიცინო დახმარება. მადლობას ვუხდი ჩვენს მაშველებს და მედიკოსებს, რომლებიც ყოველდღე მუშაობენ ჩვენი ხალხისთვის.
მნიშვნელოვანი რაოდენობა წარმატებით ჩამოაგდეს ჩვენმა საჰაერო თავდაცვის მეომრებმა, მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა და ყველა ქვედანაყოფმა, რომელიც ჩართულია ჩვენი ცის დაცვაში. უკრაინის მხარდაჭერის სტაბილურობა და პროგნოზირებადობა გადამწყვეტია. მადლობელი ვარ ყველა ქვეყნის, რომელიც გვეხმარება საჰაერო თავდაცვის სისტემებით და ჩვენს თავდაცვის ინდუსტრიაში ინვესტიციებით – ეს ყველაფერი ხელს უწყობს უკრაინის დაცვას”, – წერს ზელენსკი.