აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ თქვა, რომ რუსეთი მზად არის შავ ზღვაში ცეცხლი შეწყვიტოს, თუ სანაცვლოდ ევროკავშირისგან სანქციების შემსუბუქებას მიიღებს. ამის შესახებ რუბიომ იამაიკის პრემიერმინისტრ ენდრიუ ჰოლნესთან საერთო პრესკონფერენციაზე ილაპარაკა.
სახელმწიფო მდივნის თქმით, საუდის არაბეთში მოლაპარაკებების დროს, რუსეთის წარმომადგენლებმა ენერგეტიკის ობიექტებზე იერიშების შეწყვეტისა და შავ ზღვაში სამხედრო მოქმედებების შეჩერების პირობები წამოაყენეს. ერთ-ერთი პირობა ევროკავშირის სანქციების გაუქმება იყო.
“ამ პირობებიდან რამდენიმე ეხება სანქციებს, რომლებიც აშშ-ს არ დაუწესებია. ისინი ევროკავშირმა შემოიღო. ამიტომ, როდესაც ჩვენი ხალხი დაბრუნდება (საუდის არაბეთიდან) დავსხდებით მოლაპარაკების მაგიდასთან, განვიხილავთ შეთავაზებას, რომ უკეთ მივხვდეთ რა პოზიცია აქვს რუსეთს და რის მიღებას ითხოვენ სანაცვლოდ. ცეცხლის შესახებ მსჯელობა უკვე დადებითი ნიშანია, უკრაინელებიც და რუსებიც ცეცხლის შეწყვეტაზე საუბრობენ” – თქვა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა