აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ცოლმა, ეკატერინა ხვედელიძემ საქართველოში ახალი კომპანია დააფუძნა. სააქციო საზოგადოება „ლუსოლის“ 100%-იანი წილის მფლობელი ეკატერინა ხვედელიძეა. ახალი კომპანიის დაფუძნების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად „TV პირველმა“ გაავრცელა.
კომპანიის დირექტორი 37 წლის გელა კობერიძე იქნება. სწორედ მან მიმართა საჯარო რეესტრს კომპანიის რეგისტრაციისთვის. რადიო თავისუფლება დაუკავშირდა ბიძინა ივანიშვილის ცოლის ახალი კომპანიის დირექტორს და ჰკითხა, რატომ დარეგისტრირდა კომპანია და რა იქნება მისი ფუნქცია. მან კითხვებს არ უპასუხა და თქვა, რომ მოგვიანებით დავკავშირებოდით.
სს „ლუსოლის“ (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან) კაპიტალი 100 000 ლარია.
კომპანიის მმართველი ორგანო არის სამეთვალყურეო საბჭო, რომლის წევრებიც არიან ნუგზარ დეკანოიძე, ვეფხვია დვალი და შოთა კობიაშვილი. ნუგზარ დეკანოიძე ამავდროულად არის საფეხბურთო კლუბ “საჩხერის ჩიხურის“ დირექტორი, ბიძინა ივანიშვილის კომპანია „მეცხრე არხის“ დირექტორი.
კომპანიის მისამართად მითითებულია თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირის 39დ – „ქართუ ჯგუფის“ კუთვნილი შენობა, – სადაც “ბანკი ქართუ“ მდებარეობს
სს „ლუსოლში“ ეკატერინა ხვედელიძის წარმომადგენელია „ბანკი ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნატო ხაინდრავა.