აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომავალი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცი ამბობს, რომ ტრამპი TikTok-ის “გადარჩენას” შეეცდება.
უოლცმა უპასუხა Fox News-ის წამყვანის კითხვას, რამდენად შეესაბამება სიმართლეს Washington Post-ის ცნობა, რომ “ტრამპი აღმასრულებელ განკარგულებას განიხილავს იმ იმედით, რომ TikTok აშშ-ს კანონით აკრძალვისგან ან გაყიდვისგან იხსნას”.
“პრეზიდენტმა ტრამპმა ძალზე ცხადად თქვა, რომ TikTok დიდებული პლატფორმაა, რომელსაც ბევრი ამერიკელი იყენებს და დიდებული იყო ტრამპის კამპანიისთვის გზავნილების გავრცელების მხრივ. მაგრამ, მეორე, იგი აპირებს, მათი მონაცემები დაიცვას. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ სურთ, რომ აშშ-ს მთავრობამ მათი მონაცემები და პაროლები ნახოს და ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვინდა, რომ ჩინეთის მთავრობა ხედავდეს მათ მონაცემებსა და პაროლებს. მე არ მინდა, რომ წინ გავუსწრო ჩვენს აღმასრულებელ განკარგულებებს, მაგრამ ჩვენ ვაპირებთ, შევქმნათ სივრცე, რათა ეს გარიგება სისრულეში მოვიდეს”- აღნიშნა უოლცმა.
ცნობისთვის, აშშ-ში უზენაესი სასამართლო განიხილავს, თუ რამდენად კონსტიტუციურია კანონპროექტი, რომლითაც აიკრძალება პლატფორმა TikTok, თუკი მისი მფლობელი ჩინური კომპანია ByteDance აშშ-ში საკუთარ განყოფილებას 19 იანვრისთვის არ გაყიდის. თუკი სასამართლო კანონს ძალაში დატოვებს, როგორც ეს ქვედა ინსტანციის სასამართლომ წინა თვეში გააკეთა, მაშინ აშშ-ში TikTok-ის აკრძალვამდე რამდენიმე დღე იქნება დარჩენილი.
გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, საკითხში გარკვეული პირები ამბობენ, რომ ჩინელი მაღალჩინოსნები ერთ-ერთ ვარიანტად განიხილავენ, რომ აშშ-ში TikTok-ის განყოფილება ილონ მასკმა შეისყიდოს, თუკი კომპანია ვერ შეძლებს, აპლიკაციის აკრძალვის კანონპროექტი წარმატებით გაასაჩივროს