საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ნიკა გილაური, მისი ძმის სს საქართველოს კაპიტალის აღმასრულებელი დირექტორის, ირაკლი გილაურის “ბიძინა ივანიშვილის მაცოცხლებელი ქსელის” სიაში მოხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
“რადიო თავისუფლების მიერ გავრცელებულ „ბიძინა ივანიშვილის მაცოცხლებელი ქსელის სიაზე“, სადაც ჩემი ძმაც არის მოხსენიებული, არ მინდოდა კომენტარის გაკეთება, სანამ „საქართელოს კაპიტალის“ დირექტორთა საბჭო არ გააკეთებდა განცხადებას. გუშინ დაიდო ეს განცხადება, სადაც ძალიან კარგად არის განმარტებული, რომ კომპანიის დირექტორთა საბჭო (რომელიც სრულად ევროპელი და ამერიკელი დამოუკიდებელი დირექტორებისგან შედგება) უცხადებს სრულ ნდობას ირაკლი გილაურს და „არ ეთანხმება არანაირ მოსაზრებას რომლის მიხედვითაც აშშ-ის ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის მთავრობა შესაძლოა განიხილავდეს მის წინააღმდეგ რაიმე მოქმედების განხორციელებას. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენისა და განხილვის შედეგად, ნებისმიერი უფლებამოსილი ორგანო გაიზიარებს ჩვენს შეხედულებას.”
მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ „საქართველოს კაპიტალი“ ლონდონის ბირჟაზე განთავსებული კომპანიაა, რომელიც მართავს ამერიკული და ევროპული უმსხვილესი ფონდების ფულს. ჩემი ძმა კი არის „საქართელოს კაპიტალის“ დირექტორი, რომელსაც ამ დასავლურმა ფონდებმა თავისი ფული ანდეს იმისათვის, რომ მას საქართველოში ინვესტიციები გაეკეთებინა. ძალიან ცოტა ადამიანია საქართველოში, ვისაც ასეთ ნდობას უცხადებენ დასავლური ფონდები და ვისაც ამხელა თანხების მოტანა შეუძლია ჩვენს ქვეყანაში. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ სწორედ იმის გამო, რომ ამ კომპანიის აქციები ლონდონის ბირჟაზე ივაჭრება, მას აქვს ძალზედ მკაცრად გაწერილი ნებისმიერ პოლიტიკურ პროცესში არ-მონაწილების წესები, რაც საქართველოში ხანდახან არასწორად „ითარგმნება“ ხოლმე – თითქოს სიჩუმე თანხმობის ნიშანია.
ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების გათვალისწინებით უნდა ვთქვა, რომ ჩემი ძმის ამ სიაში მოხვედრა უფრო მიზანმიმართულ, პროცესის მადისკრედიტირებელ ოპერაციას ჰგავს, რომელსაც კარგად ეტყობა ე.წ “კაგებეშნიკური” ხელწერა და რომლის მიზანი რეჟიმის რეალური მაცოცხლებელი ქსელიდან ფოკუსის გადატანა და მისი სიმწვავის განელებაა. ეს ხომ სწორედ რომ „კაგებეშნიკური“ მიდგომაა – თუ ვერ აჩერებ პროცესს რომელიც შენ წინააღმდეგ მუშაობს მაშინ ამ პროცესის დისკრედიტაცია უნდა მოახდინო. ჩემი ძმის ამ სიაში ჩასმის ინიციატორები სავარაუდოდ სწორედ ისინი არიან, ვინც რეალურად არის და უნდა იყვნენ ამ სანქციების სამიზნე. არც “სასარგებლო იდიოტების” გამოყენების გარეშე მოხდებოდა ეს ამბავი, თუმცა “არა არს დაფარული, რაიც არ გაცხადდეს,” და ამის შესახებ ინფორმაციას დამატებით მოგაწვდით.
შეგახსენებთ, საკითხთან დაკავშირებით, გუშინ, 13 იანვარს განცხადება გაავრცელა სს საქართველოს კაპიტალის დირექტორთა საბჭომაც. მათ ნდობა გამოუცხადეს ირაკლი გილაურს და განაცხადეს, რომ აქტიურ კომუნიკაციაში არიან აშშ-ს ოფიციალურ პირებთან გარემოებების გამოსარკვევად