შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას ქართული ოცნების ახალ რეპრესიულ კანონმდებლობაზე ისაუბრა და თქვა, რომ “ნიღბიანებს არაფერი ესაქმებათ აქციაზე” და სწორედ ამიტომ მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც აქციაზე სახის დაფარვისთვის პირი 2 000 ლარით დაჯარიმდება:
“როგორ ფიქრობთ, ის სივრცე, საიდანაც სხვადასხვა ჯგუფები ამბობენ მივისწრაფვითო, ის სივრცე რეპრესიული სივრცეა? ევროკავშირის უმეტეს ქვეყანაში ნიღბიანებს არაფერი ესაქმებათ აქციაზე. როცა ცრემლსადენი გაზის გამოყენება ხდება, ხდება იმის გამო, რომ აქცია კანონიერი ჩარჩოებიდანაა გასული. შესაბამისად, როცა სპეციალური საშუალების გამოყენება ხდება, იმის ნიშანია, რომ ადამიანი სახლში უნდა წავიდეს და არა უფრო მეტი წინააღმდეგობა გაუწიოს. ნიღბიანებს არაფერი ესაქმებათ აქციაზე, ნიღბიანების აქცია მე არ გამიგია სადაური წესია, ამას ბევრი მიზეზი აქვს, მათ შორის, რატომაც არის ევროპაში ნიღბების ტარება აკრძალული, გამოდის, რომ თქვენ ევროპას ეძახით რეპრესიულ სივრცეს?”