ორშაბათი, ნოემბერი 2, 2026
Home პოლიტიკა ირაკლი კობახიძე – არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება დანაშაული, სალომე ზურაბიშვილის გადასაწყვეტია, ციხეში ჩაჯდება თუ არა

ირაკლი კობახიძე – არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება დანაშაული, სალომე ზურაბიშვილის გადასაწყვეტია, ციხეში ჩაჯდება თუ არა

by admin

ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს – შესაბამისი გადაწყვეტილების განცხადება კომიკურთან ერთად იქნებოდა სისხლის სამართლის დანაშაულიც, დღეს 21:00 საათამდე აქვს მოსაფიქრებელი დრო, ვნახოთ, ვინ გადაწონის ვიღაც ჭკვიანი, თუ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც არ არის „ვიღაც ჭკვიანი“, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

“რაც შეეხება არჩევნების დანიშვნას, აქ სამართლებრივად მარტივად არის საქმე. ჩვენი კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მიხედვით არჩევნების დანიშვნას აქვს სამი კონკრეტული საფუძველი.

რაც შეეხება ხელახალ არჩევნებს, ხელახალი არჩევნები შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცესკო ან სასამართლო, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლო არჩევნების შედეგებს გააბათილებს. თქვენ იცით, რომ ცესკომ არჩევნების შედეგები შეაჯამა, სასამართლოში ყველა საჩივარი განხილული იქნა. საკონსტიტუციოს სასამართლოს მიმართა თავად სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციურ პარტიებთან და “ენჯეოებთან” ერთად. საკონსტიტუციო სასამართლომაც დაადასტურა არჩევნების ლეგიტიმურობა. შესაბამისად, ჩვენი კონსტიტუციის და კანონმდებლობის თანახმად ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს.

რაც შეეხება მორიგ არჩევნებს, მორიგი არჩევნები ინიშნება მას შემდეგ, რაც პარლამენტს უფლებამოსილების 4 წლიანი ვადა ამოეწურება. ცხადია, რომ ეს საფუძველიც არ არსებობს. რიგგარეშე არჩევნების კონსტიტუციის თანახმად ინიშნება ერთადერთ შემთხვევაში, როდესაც პარლამენტი ნდობას მთავრობის შემადგენლობას არ უცხადებს. როგორც მოგეხსენებათ პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა მთავრობის შემადგენლობას, შესაბამისად, ეს მესამე საფუძველიც არ არის სახეზე.

აქედან გამომდინარე, პრეზიდენტის შესაბამისი გადაწყვეტილება, განცხადება იქნებოდა სრულიად კომიკური. თუმცა კომიკურთან ერთად ეს იქნებოდა სისხლის სამართლის დანაშაულიც. სისხლის სამართლის კოდექსში არის შესაბამისი ჩანაწერები, რომლებიც ასეთი ქმედებისთვის ითვალისწინებს მრავალწლიან სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ვიღაც ჭკვიანმა სალომე ზურაბიშვილს ურჩია, ეს არ გაეკეთებინა. მან საბოლოო ჯამში ერთი დღე ითხოვა, დღეს 21:00 საათამდე და კიდევ აქვს მოსაფიქრებელი დრო ამისთვის, ვნახოთ ვინ გადაწონის ვიღაც ჭკვიანი, თუ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც არ არის ვიღაც ჭკვიანი.

1 კვირაც აღარ აქვს დარჩენილი საკუთარ თანამდებობაზე ზურაბიშვილს. ამ 1 კვირის განმავლობაში ვერაფერს გააკეთებს, მართალია ზოგი ევროპელი პოლიტიკოსი და ჩინოვნიკი აცხადებს, რომ 29 დეკემბრამდე ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, მაგრამ გარწმუნებთ, რომ არავითარი ბევრი რამ არ მოხდება. Deep state საქართველოში ვერ გაიმარჯვებს, რადიკალური ოპოზიცია ვერ გაიმარჯვებს. 29-ში მოუწევს თანამდებობის დატოვება. ვნახოთ, სად გააგრძელებს ცხოვრებას, გისოსებს მიღმა, თუ გარეთ. მგონია, მას ეყოფა გონიერება არ დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსის ნორმები. თეორიულად წარმოვიდგინოთ იგივე სცენარი, რაც განვითარდა მელიას დაკავებისას. წარმოვიდგინოთ, რომ ის გამაგრდა პრეზიდენტის რეზიდენციაში, ამ შემთხვევაში ეს არის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული. 72 წლის ქალის ციხეში გაშვება შესაძლოა არავის მოუნდეს, მაგრამ ასეთი ქმედებით ის გაწირავს ყველა იმ ადამიანს, ვინც მასთან ერთად იქნება ასეთი სცენარის შემთხვევაში. მას ეყოფა გონიერება არ დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსის და არც ვინმე სხვას არ დაარღვევინოს, რაც გაითვალისწინებს მათ მრავალწლიან პატიმრობას”

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay