ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდა, „გული არ გაიტეხოს“ მას შემდეგ, რაც ამ კვირის დასაწყისში აშშ-ის შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკურმა პარტიამ მნიშვნელოვანი მარცხი განიცადა.
ამის შესახებ მან ნიდერლანდურ თოქ-შოუში, Pauw & De Wit-ში, საუბრისას განაცხადა. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
რუტეს თქმით, აშშ-ში შუალედური არჩევნების შემდეგ მან ტრამპს „მოკლე შეტყობინება“ გაუგზავნა.
„გული არ გაიტეხო, მოდი, წინსვლა გავაგრძელოთ“, – ეწერა შეტყობინებაში, როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა.
რუტემ ასევე განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ „უდიდესი აღფრთოვანება“ აქვს. მისი თქმით, ისინი ყოველკვირეულად ურთიერთობენ. ამასთან, რუტემ დასძინა, რომ ტრამპისა და კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინისთვის მნიშვნელოვანია „კარგი ურთიერთობების“ შენარჩუნება.
გარდა ამისა, რუტეს სთხოვეს, კომენტარი გაეკეთებინა ტრამპისა და პუტინის ბოლო შეთანხმებაზე, რომელიც აშშ-ისთვის დიზელის საწვავის მიწოდებას ეხება. რუტემ აღიარა, რომ შეთანხმების გამოცხადების შემდეგ აშშ-ის ევროპელ მოკავშირეებს შორის „პანიკა“ იყო.
„ეს მესმის, მეც გამიკვირდა“, – განაცხადა მან.
ამასთან, რუტემ აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს ევროპამ რუსეთიდან დიდი რაოდენობით თხევადი ბუნებრივი აირი შეისყიდა – „გაცილებით მეტი, ვიდრე ოდესმე იქნება დიზელის საწვავის შესახებ ამ შეთანხმების მოცულობა“.
„ევროპაც არ არის უდანაშაულო“, – დასძინა მან.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის კონგრესის შუალედურ არჩევნებში ტრამპის რესპუბლიკურმა პარტიამ კონგრესის ორივე პალატაში უმრავლესობა დაკარგა.
აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არჩევნების შედეგებს აღიარებს და კონგრესში დემოკრატიულ უმრავლესობასთან თანამშრომლობისთვის მზად არის