ორშაბათი, ნოემბერი 2, 2026
Home საზოგადოება სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს

by admin

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სხვადასხვა დროს შვიდი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დაკავებული არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

„სამართალდამცველების მიერ კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციის სქემებში სხადასხვა ფორმით, მათ შორის ჯგუფურად იყვნენ ჩართულნი.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი, მათ შორის 352 შეკვრად დაფასოებული „ალფა პვპ“, „მეფედრონი“, „მეთადონი“, „კლეფედრონი”, „მდმა”, „გამომშრალი მარიხუანა“ და „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, — აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay