შაბათი, ოქტომბერი 31, 2026
Home საზოგადოება მუშაობას ვწყვეტთ – მოგვკლეს – რუსეთის ხელისუფლებამ და სპეცსამსახურებმა აიძულეს ჩვენი სარედაქციო კოლექტივი, მუშაობა შეეწყვიტა – “ნოვაია გაზეტა”

მუშაობას ვწყვეტთ – მოგვკლეს – რუსეთის ხელისუფლებამ და სპეცსამსახურებმა აიძულეს ჩვენი სარედაქციო კოლექტივი, მუშაობა შეეწყვიტა – “ნოვაია გაზეტა”

by admin

დამოუკიდებელმა რუსულმა გაზეთმა „ნოვაია გაზეტამ“ განაცხადა, რომ საქმიანობას წყვეტს.

გამოცემის განმარტებით, ამის მიზეზი ხელისუფლების მხრიდან მის წინააღმდეგ წარმოებული განუწყვეტელი კამპანია გახდა, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო პროკურატურა გაზეთის რამდენიმე ჟურნალისტის წინააღმდეგ დევნას აწარმოებდა, თავად გამოცემა კი ფინანსური მხარდაჭერისა და ოფისის გარეშე დარჩა.

„მოგვკლეს. 9 ნოემბერს ჩავაქრობთ შუქს სახლში, სადაც 30 წლის განმავლობაში ვცხოვრობდით, გამოვრთავთ ჩვენს სერვერებს და წავალთ. გაზეთი აღარ არსებობს. რუსეთის ხელისუფლებამ და რუსეთის სპეცსამსახურებმა აიძულეს ჩვენი სარედაქციო კოლექტივი, მუშაობა შეეწყვიტა“, – ნათქვამია „ნოვაია გაზეტას“ განცხადებაში.

გამოცემა წერს, რომ ცხოვრების 30 წელზე მეტი, რომელიც ქვეყანასა და მის მოქალაქეებთან ერთად გაატარეს, ქუჩაში დასრულდება – საარსებო საშუალებების გარეშე და რეპრესიების მუდმივი საფრთხის ქვეშ.

„ქვეყანაში ლიკვიდირებულია ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, ხოლო მათი დაცვა დანაშაულთან არის გათანაბრებული. დე ფაქტო გაუქმებულია არჩევნები და არჩევითი ხელისუფლების ორგანოები. განადგურებულია საზოგადოებრივი ინსტიტუტები. ფეხქვეშ არის გათელილი სინდისის თავისუფლება და ადამიანის ღირსება. ბინძური ხელებით ამობრუნებულია პირადი ცხოვრება. ნუთუ დღეს დაცინვად არ ჟღერს კონსტიტუციის 29-ე მუხლი: ცენზურა აკრძალულია“? სასამართლო განადგურებულია კანონთან და სამართალთან ერთად. საკუთარი შეხედულებების ქონა ახლა უკვე სახელმწიფო ღალატად ითვლება. მაგრამ ღალატი სწორედ ის არის, როდესაც სახელმწიფო საკუთარ კონსტიტუციას ღალატობს. ეს ღალატი განგრძობადი დანაშაულია, რომელიც ახლა მთელი მსოფლიოს თვალწინ ხდება. „ნოვაია გაზეტას“ მკვლელობა ამის კიდევ ერთი დასტურია. მთელი ამ წლების განმავლობაში სწორედ ამაზე ვწერდით. სანამ ამის შესაძლებლობა გვქონდა. სწორედ ამიტომ მოგვკლეს. მადლობა ყველას, ვინც გვისმენდა”, – აღნიშნულია გამოცემის განცხადებაში

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay