უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს განაახლებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.
„აკრძალვა (ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების შესახებ) მოხსნილია. ეს საკითხი დასრულებულია“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინამ აშშ-ის მოწოდების გათვალისწინებით, სამი დღის განმავლობაში რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე იერიშები არ მიიტანა, თუმცა რუსეთი უკრაინაზე თავდასხმებს განაგრძობდა. ზელენსკის განცხადებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამ თავდასხმებს 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
ამასთან, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბალისტიკური რაკეტების შესახებ აშშ-ის ადრეული გაფრთხილების მონაცემები ვეღარ მიიღეს, ხოლო Starlink-ის მუშაობა მთელ ქვეყანაში შენელდა.
ზელენსკის განცხადებით, ამერიკელმა პარტნიორებმა უკრაინელ სამხედროები წინასწარ გააფრთხილეს: „თუ თქვენ არ შეწყვეტთ (ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმებს), სადაზვერვო მონაცემებს დაგიბლოკავთ“. მოგვიანებით კიევში მომხდარი „ტექნიკურ შეფერხებად“ წარმოადგინეს.
უკრაინის პრეზიდენტმა უარყო ვერსია, რომ Starlink-ის მუშაობის შეფერხება შემთხვევითმა ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია.
„საქმე ტექნიკურ პრობლემაში კი არა, ნების არსებობაში იყო“, – განაცხადა მან.
ზელენსკის თქმით, უკრაინა მზად იქნებოდა, რუსეთის მხრიდან თავდასხმების გაგრძელების შემთხვევაშიც კი შეეწყვიტა ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმები, თუკი სანაცვლოდ დამატებით გადამჭერ რაკეტებს მიიღებდა Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის. მისი განმარტებით, ეს იყო „მინიმუმი“, რომელსაც ის ითხოვდა. თუმცა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების მოთხოვნის პასუხად, აშშ-მა Starlink-ის მუშაობა შეზღუდა.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე გამოთქვა ვარაუდი, რომ უკრაინის მხრიდან დარტყმების შეწყვეტა შესაძლოა აშშ-სა და რუსეთს შორის ახალი შეთანხმებების გაფორმებას შეუწყოს ხელი.
„საკითხავია, როდის იქნება შემდეგი შეთანხმება? შესაძლოა, საუბარი გაზს შეეხოს. უეჭველია, საუბარი გაზს შეეხება“, – განაცხადა ზელენსკიმ.
დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის ურთიერთობებზე საუბრისას უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ღიად საუბრობს სიმპათიაზე იმ ლიდერების მიმართ, რომლებსაც ხელისუფლებაში ათწლეულების განმავლობაში დარჩენა შეუძლიათ.
ზელენსკიმ ტრამპის მოწოდებას, გადამდგარიყო, „რიტორიკა“ უწოდა და აღნიშნა, რომ მსგავსი განცხადებები პუტინს ხელს აძლევს.
„ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის ან უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის განხეთქილება მას საკუთარი ერის გაერთიანებაში ეხმარება. ეს მას წარმატების განცდას აძლევს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამასთან, ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ აშშ-თან, როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან, ურთიერთობა უკრაინისთვის კვლავ კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მისი თქმით, ამერიკული მხარდაჭერის გარეშე ომის გაგრძელება „ძალიან რთული“ იქნებოდა.
„ჩვენ არანაირი ურთიერთობა არ დაგვინგრევია“, – დასძინა მან