საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, შესაძლოა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევასთან დაკავშირებით, ჯარიმების შემცირების საკითხის განხილვა მოხდეს.
აღნიშნულის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო 1 წლის მონაცემებით, გაზრდილ ჯარიმებსა და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის სტატისტიკას შორის პირდაპირი კორელაცია არ არის.
„მუდმივად სტატისტიკას ვაკვირდებით და იმას თუ რა გავლენას ახდენს, ჯარიმების ზრდა თუნდაც სტატისტიკის გაუმჯობესებაზე.
გასული 1 წლის მონაცემებს დავაკვირდით და ვნახეთ, რომ პირდაპირი კორელაცია გაზრდილ ჯარიმებსა და შემცირებულ სტატისტიკას შორის სამწუხაროდ არ არის.
აქედან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ჯარიმები ტვირთად აწვება მოსახლეობას, შეგვიძლია განვიხილოთ ვერსია, პარლამენტთან ერთად, ჯარიმების შემცირებასთან დაკავშირებით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ