აშშ-ს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარ პლატფორმა Truth Social-ზე დაადასტურა, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად კონგრესმენ მაიკ უოლცს დანიშნავს.
“ჩემი პატივია გაცნობით, რომ კონგრესმენი მაიკ უოლცი ამგვარად ინიშნება, რომ იმსახუროს ჩემს კაბინეტში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჩემს მრჩევლად. მაიკი პირველი მწვანე ბერეტია, რომელიც კონგრესში აირჩიეს და მანამდე თეთრ სახლსა და პენტაგონში მსახურობდა”. – წერს ტრამპი.
დონალდ ტრამპის, მომავალი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცი, X-ზე ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა:
“ამერიკას მოკავშირეები ახლოს ეყოლება, ჩვენ არ შეგვეშინდება მოწინააღმდეგეებთან დაპირისპირება, და ჩვენ ინვესტიციას ჩავდებთ ტექნოლოგიებში, რომელიც ჩვენს ქვეყანას სიძლიერეს შეუნარჩუნებს. ამერიკის ყველაზე დიდებული სიძლიერე მისი აყვავებული ეკონომიკა და ენერგო დომინირებაა და ეს ინსტრუმენტები ჩვენ ომს აგვარიდებს თავიდან და მოგვცემს საშუალებას, რომ კიდევ ერთხელ ლიდერები ძლიერების პოზიციიდან ვიყოთ”.
შეგახსენებთ, უოლცი კონგრესში პირველად 2018 წელს აირჩიეს, სადაც მან ფლორიდის ამჟამინდელი გუბერნატორი, რონ დესანტისი, ჩაანაცვლა. იგი ასევე მსახურობდა წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა და სადაზვერვო კომიტეტებში. ამასთანავე, უოლცი ჩინეთის წინააღმდეგ ხისტი პოლიტიკის გატარების მომხრედ ითვლება. მან 2021 წელს განაცხადა, რომ აშშ ჩინეთთან მიმართებით “ცივ ომში” იმყოფება. 2022 წელს უოლცმა უკრაინისთვის “ლენდ-ლიზის” ამოქმედებას დაუჭირა მხარი. მას ნათქვამი აქვს, რომ “უკრაინაში რუსეთის შეჩერება” აშშ-ს მხრიდან სწორი იქნება. ომის დაწყების შემდეგ კი უოლცი ბაიდენის ადმინისტრაციას 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე რუსეთის “ვერშეკავებისთვის” და ასევე სუსტი საგარეო პოლიტიკისთვის აკრიტიკებდა.
2020 წელს უოლცმა, 12 კონგრესმენთან ერთად, ხელი მოაწერა ანგარიშს, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი “პუტინის ახლო მოკავშირედ” არის დახასიათებული