აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, უკრაინისადმი აშშ-ს მიერ წარდგენილი 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, რომელიც უკრაინის მხრიდან არაერთ მნიშვნელოვან და მტკივნეულ დათმობაზე წასვლას ითვალისწინებს, არ წარმოადგენს აშშ-ს საბოლოო წინადადებას.
რეპორტიორის კითხვაზე, არის თუ არა უკრაინისთვის აშშ-ს მიერ წარდგენილი “სამშვიდობო წინადადება” საბოლოო, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ “არა”.
პრეზიდენტმა ტრამპმა დაამატა, რომ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა აშშ-ს წინადადებას არ დათანხმდება, ზელენსკის ბრძოლის გაგრძელება მოუწევს.
მანამდე, 21 ნოემბერს, თეთრ სახლში რეპორტიორებთან საუბრისას ტრამპმა თქვა რომ ზელენსკის სამშვიდობო შეთანხმების მიღება მოუწევს და დაამატა, რომ “გარკვეულ ეტაპზე მას [ზელენსკის] მოუწევს იმაზე დათანხმება, რაზეც ჯერ არ დათანხმებულა.”
Fox News-თან ინტერვიუში პრეზიდენტმა ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ს მიერ წარდგენილ გეგმაზე უკრაინის პასუხისთვის “შესაფერისი დრო” მომდევნო ხუთშაბათი იქნებოდა, თუმცა, მისი თქმით, კარგი პროგრესის შემთხვევაში ვადის გახანგრძლივებაც შეიძლება. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე რუსეთზე სანქციების მოხსნას არ აპირებს