ჩამოყალიბდეს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო – რა სურს მას? სურს ქართველ ხალხთან ხიდების გადება თუ ამ ხიდების დაწვა საბოლოოდ, რადგან ამ ელჩის პირობებში, რომელიც ქართულ სახელმწიფოს მასხრად იგდებს, მხარს უჭერს ექსტრემისტებს, სოლიდარობას უცხადებს ქართული ეკლესიის, პატრიარქის მლანძღველ ადამიანს, რთულია წარმოვიდგინოთ, რომ ეს ხიდები აგებული იქნება გერმანიის მხრიდან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა:
“საზოგადოებამ კი არა, მე როგორ შევხედო, ის ვერ გამიგია. აბსოლუტურად აღმაშფოთებელია – ეს ადამიანი [პეტერ ფიშერი] მასხრად იგდებს ქართულ სახელმწიფოს, საზოგადოებას, ყველაფერს, რაც კი დიპლომატიასთან არის დაკავშირებული. გასაკვირია რაც ვნახეთ – ისე, რომ მას არ დაუგმია პრეზიდენტის სასახლეზე 4 ოქტომბრის შტურმი, გუშინ მივიდა და მხარდაჭერა გამოუცხადა ექსტრემისტებს, რომლებიც 4 ოქტომბრის შტურმის მონაწილეები იყვნენ; მეორე – ის ვისთანაც პოზირებდა, ლანძღავს ქართულ ეკლესიას, საქართველოს პატრიარქს და ერთ-ერთ მოსაყდრეს ეგზარქოსებად მოიხსენიებს. ამ ადამიანებთან დადგა გერმანიის ელჩი, გადაიღო ფოტო და სოლიდარობა გამოუცხადა. ეს მაგონებს მიხაილ როთის ხაზს, რომელიც აქ ჩამოსული იყო და თქვა: რა გინდათ, ბედნიერებას ეკლესიასთან ერთად გინდათ მიაღწიოთო? ეს არის თავდასხმა ქართულ ეკლესიაზე, მიხაილ როთის ხაზი, რომელსაც დღეს გერმანიის ელჩი აგრძელებს იმით, რომ სოლიდარობას უცხადებს ექსტრემიზმს, რომელიც ქართულ ეკლესიას და მის პატრიარქს ეგზარქოსებად მოიხსენიებს. ასე რომ, ახლა მე პირადად ველოდები, რა ნაბიჯებს გადადგამს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რადგან ფაქტია, ეს ადამიანი [პეტერ ფიშერი] მასხრად იგდებს ქართულ სახელმწიფოს და საზოგადოებას.
ამ კონსულტაციიდან დაბრუნების შემდეგ გვქონდა იმედი, რომ გერმანიის ელჩი გააცნობიერებდა ვენის კონვენციის მნიშვნელობას, კიდევ ერთხელ გადაიკითხავდა შესაბამის მუხლებს და ბოლო-ბოლო ამ ყველაფრის შემდეგ თავს მაინც შეიკავებდა. რამდენიმე დღე არ გასულა და მთელი სახელმწიფო და საზოგადოება მასხრად აგვიგდო. ეკლესიის მლანძღველებს უცხადებს სოლიდარობას. ასე რომ, ჩამოყალიბდეს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო – რა სურს მას? სურს ქართველ ხალხთან ხიდების გადება თუ ამ ხიდების დაწვა საბოლოოდ, რადგან ამ ელჩის პირობებში, რომელიც ქართულ სახელმწიფოს მასხრად იგდებს, მხარს უჭერს ექსტრემისტებს, სოლიდარობას უცხადებს ქართული ეკლესიის, პატრიარქის მლანძღველ ადამიანს, რთულია წარმოვიდგინოთ, რომ ეს ხიდები აგებული იქნება გერმანიის მხრიდან. როდესაც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აბრუნებდა ელჩ ფიშერს, მათ წინასწარი კონსულტაცია ჰქონდათ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და განუცხადეს და დაჰპირდნენ, რომ გერმანიის ელჩი თავს შეიკავებდა იმგვარი ქმედებებისგან, რომელსაც მანამდე ჰქონდა ადგილი. არ გავიდა რამდენიმე დღე და ელჩს ვხედავთ ექსტრემისტებთან ერთად და სოლიდარობას უცხადებს ქართული ეკლესიისა და პატრიარქის მლანძღველს. საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა გააკეთოს განმარტება – ეს არის მისი დავალება, რომ გერმანიის ელჩმა სოლიდარობა გამოუცხადოს საქართველოს ეკლესიის მლანძღველებს, მხარდაჭერა ექსტრემიზმებს თუ ეს კვლავ მისი შემოქმედებაა?”