გამოცემა Wall Street Journal ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ სადაზვერვო ინფორმაციის მეშვეობით უკრაინას რუსეთის სიღრმეში ენერგოობიექტებზე იერიშების მისატანად დახმარებას გაუწევს.
WSJ-ს ინფორმაციით, ამისთვის აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განკარგულებას მოაწერა ხელი, რომელიც ამერიკის სადაზვერვო სააგენტოებსა და პენტაგონს საშუალებას აძლევს, კიევს ამგვარი იერიშების მიტანაში დახმარება გაუწიონ.
გამოცემის ცნობით, აშშ-ს მაღალჩინოსნები NATO-ს წევრ მოკავშირეებს უკრაინისთვის მსგავსი დახმარების გაწევისკენ მოუწოდებენ.
ამავდროულად, ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინისთვის უფრო მძლავრი შეიარაღების გაგზავნასაც განიხილავს, რომელთა მეშვეობითაც უკრაინა რუსეთის სიღრმეში მდებარე ახალი ობიექტების მიზანში ამოღებას შეძლებს.
ცნობისთვის, აშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა დაადასტურა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინისთვის Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების მიწოდებას განიხილავს.
27 სექტემბერს WSJ-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზელენსკიმ ტრამპს Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების მიწოდება სთხოვა, რომელთა მოქმედების რადიუსი 2 400 კილომეტრს აღემატება