საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალური წარმოების ბრალდებით დაკავებულ 7 პირს შორის ყოფილი მოკრივე, ბიზნესმენი გიორგი კანდელაკი და გორის საკრებულოს წევრი ბორია გოგიჩაიშვილი არიან.
უწყებაში დაკავებული პირების შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებენ და აცხადებენ, რომ ეს არის პერსონალური ინფორმაცია.
ცნობისთვის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის, კერძოდ 75 137 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი. დაკავებულია დანაშაულში თანამონაწილე 7 პირი.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები არიან გორში მცხოვრები პირები: გიორგი კანდელაკი (ყოფილი მოკრივე, ბიზნესმენი, გორში, ვარიანში, ქარელსა და ბორჯომში რამდენიმე რესტორნის და ვარიანში მდებარე სასტუმრო ,,რანჩოს“ მფლობელი), ბორის გოგიჩაიშვილი – ბიზნესმენი, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ქართლოს ჯალაბაძე – გორის აგრარული ბაზრის და სხვადასხვა ბიზნესის მფლობელის, გიორგი (გივი) ჯალაბაძის ძმა და ასევე გორში მცხოვრები ალექსანდრე კურტანიძე. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მე-200 მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით