პარასკევი, ოქტომბერი 23, 2026
Home საზოგადოება 1920 წელს რუსული არმია აზერბაიჯანში შეიჭრა და მისი ოკუპაცია მოახდინა – ალიევი

1920 წელს რუსული არმია აზერბაიჯანში შეიჭრა და მისი ოკუპაცია მოახდინა – ალიევი

by admin

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ საბჭოთა რუსეთის არმია 1920 აზერბაიჯანში შეიჭრა, აზერბაიჯანს სახელმწიფო წაართვა და მისი ოკუპაცია მოახდინა.

ამის შესახებ ალიევმა საუდის არაბეთის სახელმწიფო მედიისთვის, Al Arabiya-სთვის მიცემულ ინტერვიუში ილაპარაკა.

“1917 წელს რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა დაარსდა. ეს იყო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა მუსლიმურ სამყაროში, რომელიც 1918 წლის მაისში დაარსდა. მან 1920 წლის აპრილამდე იარსება, როდესაც რუსეთის არმია აზერბაიჯანში შეიჭრა და ქვეყნის ოკუპაცია მოახდინა. ბოლშევიკებმა, რომლებმაც 1917 წელს რევოლუცია მოაწყვეს, ხალხი მოატყუეს. მათი ლოზუნგები იყო: “ქარხნები და საწარმოები – მუშებს, მიწა – გლეხებს, თავისუფლება – ხალხებს”. ჩვენ ჩვენივე სახელმწიფო შევქმენით, მაგრამ ბოლშევიკებმა ჩვენ ის წაგვართვეს. 1920 წლის აპრილში რუსული არმია აზერბაიჯანში შეიჭრა და მისი ოკუპაცია მოახდინა”.- თქვა ალიევმა.

ამავე ინტერვიუში ალიევმა რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ამჟამინდელ ურთიერთობებზე ილაპარაკა და კვლავ აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი “რუსული შეჭრის პირველი დღიდან უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას უჭერდა მხარს და განაგრძობს მის მხარდაჭერას”.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის დუმის დეპუტატმა და ევრაზიულ ინტეგრაციასა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინ ზატულინმა აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის სიტყვებს რუსეთზე პირდაპირი თავდასხმა უწოდა.

აქამდე ალიევმა ხაზგასმით თქვა, რომ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს და უკრაინისადმი რუსეთის სრულმასშტაბიან აგრესიას “შეჭრა” უწოდა.

გარდა ამისა, ალიევმა თქვა, რომ აზერბაიჯანი რუსეთთან ურთიერთობების გაუარესებაზე “პასუხს არ აგებს” და ეკატერინბურგში აზერბაიჯანის მოქალაქეებისა და ეთნიკურად აზერბაიჯანელი რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ მოწყობილ რეიდზე მიუთითა.

“თუნდაც მათ, როგორც ამბობენ, 20 წლის წინ დანაშაული ჩაედინათ, ისინი ხომ ადამიანები არიან. მათთან ასე მოპყრობა არ შეიძლება. ეს რანაირი დამოკიდებულებაა? მათ შორის იყვნენ აზერბაიჯანის მოქალაქეები და აზერბაიჯანული წარმომავლობის რუსეთის მოქალაქეები. ეს იყო უპრეცედენტო აქტი ჩვენი ერის წინააღმდეგ. ჩვენ არ ვაგებთ პასუხს ურთიერთობების გაუარესებისთვის. ჩვენ კონსტრუქციულად და კანონიერად ვპასუხობთ, მაგრამ ჩვენს მიმართ აგრესიის ან უპატივცემულობის არანაირ ნიშანს ან გამოვლინებას არ მოვითმენთ”. – თქვა ალიევმა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay