აშშ-ს სახელმწიფო მდივნის სპიკერმა, ტემი ბრიუსმა ბრიფინგის დროს ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ს უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისა და შეიარაღების მიწოდება ზოგადად არ შეუჩერებია, არამედ ცვლილება მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევას ეხება და თავდაცვის სამინისტრო აშშ-ს პრეზიდენტისთვის უკრაინის სამხედრო დახმარების გაგრძელების “ძლიერი ვარიანტების” გაზიარებას განაგრძობს.
ამის შესახებ ბრიუსმა ბრიფინგზე ილაპარაკა.
“უკრაინისთვის იარაღის მიწოდება არ შეგვიჩერებია. ერთი ასპექტია, ერთი სიტუაციაა, ერთი მოვლენაა, რომელიც შეიცვალა. როგორც თავდაცვის სამინისტროსგან გაიგეთ, სხვა რამდენიმე ძლიერი ვარიანტი და ძალისხმევაა უკრაინის შეიარაღების სიტუაციასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ, თავდაცვის სამინისტროს ნაცვლად არ ვლაპარაკობ, მხოლოდ მათ განცხადებას შემიძლია მივუთითო და იმას, რაც ძალიან პირდაპირ განაცხადეს. პრეზიდენტმა ასევე მიუთითა Patriot-ის რაკეტების შესახებ თავის ერთგულებაზე. გავიმეორებ, ეს არ არის უკრაინისთვის ჩვენი დახმარების ან იარაღის მიწოდების შეჩერება. ეს არის ერთი მოვლენა ერთ სიტუაციაში”. – თქვა ბრიუსმა.
მანამდე, აშშ-ს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პოლიტიკის საკითხებში, ელბრიჯ კოლბიმ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას განაგრძობს და, ამავდროულად, თავდაცვის სამინისტრო ამ ამოცანის მიღწევისთვისა და აშშ-ს შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის შენარჩუნებისთვის თავის მიდგომას აანალიზებს.
“თავდაცვის სამინისტრო პრეზიდენტისთვის უკრაინის სამხედრო დახმარების გაგრძელების ძლიერი ვარიანტების გაზიარებას განაგრძობს, რაც შეესაბამება მის მიზანს, რომ ეს ტრაგიკული ომი დასრულდეს. ამავდროულად, სამინისტრო საგულდაგულოდ იკვლევს და ცვლის თავის მიდგომას ამ ამოცანის მიღწევისადმი და პარალელურად ადმინისტრაციის თავდაცვის პრიორიტეტებისთვის აშშ-ს შეიარაღებული ძალების მზაობის შენარჩუნებისადმი”. – წერია კოლბის განცხადებაში.