საჯარო მონაცემთა ბაზაში 2 მილიონზე მეტი დოკუმენტი აღმოაჩინეს, რომლებიც რუსეთის სენსიტიური ბირთვული ობიექტების გაფართოებისა და მოდერნიზაციის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავდა. ამის შესახებ მასალა დანიურმა საგამოძიებო გამოცემა Danwatch-მა და გერმანულმა Der Spiegel-მა მოამზადეს და 28 მაისს გამოაქვეყნეს.
გამოცემების ცნობით, გაჟონილი ფაილები რუსეთს ორენბურგის ოლქის ქალაქ იასნისთან არსებული სტრატეგიული სარაკეტო ძალების ბაზების დეტალურ სამშენებლო გეგმებს შეიცავს. ამ ბაზებზე რუსეთს Avangard-ის ტიპის ზებგერითი კომპლექსი აქვს განლაგებული, რომელიც ბირთვული იარაღის გამშვები ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე სისტემაა.
“აქამდე ამ ბაზებზე დაკვირვება მხოლოდ ზევიდან, თანამგზავრული სურათების გამოყენებით შეგვეძლო. ახლა, ამ უნიკალური ნახაზების დახმარებით, ჩვენ შეგვიძლია, პირველად ვნახოთ, როგორია შენობების შიგნითა და მიწისქვეშა ზონები. ეს სრულიად უპრეცედენტოა”. – თქვა ამერიკელ მეცნიერთა ფედერაციის ბირთვული ინფორმაციის პროექტის დირექტორმა, ჰანს კრისტენსენმა Danwatch-სა და Der Spiegel-თან საუბრისას.
Danwatch-ისა და Der Spiegel-ის თანახმად, დოკუმენტები აჩვენებს, თუ როგორ იქნა მრავალი ბირთვული ობიექტი დანგრეული და შემდგომ, გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით, ხელახლა აშენებული ბოლო ათწლეულის განმავლობაში. ეს მოიცავს ასობით ახალ ყაზარმას, საკონტროლო ცენტრს, საგუშაგო კოშკს თუ მიწისქვეშა გვირაბებს, რომლებიც ბაზებზე არსებულ შენობებს ერთმანეთთან აკავშირებენ.
გაჟონილი დოკუმენტები ასევე მოიცავს სამშენებლო გეგმებს, უსაფრთხოების სისტემების დიაგრამებსა და ობიექტების შიგნით, კედლებზე გაკრული ნიშნების დეტალებს. ეს ნიშნები მოიცავს ისეთ შეტყობინებებს, როგორებიცაა “შეჩერდი! გატრიალდი! აკრძალული ზონა!”, “სამხედრო ფიცი” თუ “ფეხსაცმლის მოვლის წესები”.
გაჟონილი მასალა ასევე შეიცავს ინფორმაციას ელექტროქსელების, IT სისტემების, სიგნალიზაციის კონფიგურაციების, სენსორების მდებარეობებისა და ისეთი სტრუქტურების შესახებ, რომლებიც გარე საფრთხეების წინააღმდეგ მოქმედებისთვისაა შექმნილი. დოკუმენტები ასევე შეიცავს ისეთ ინფორმაციასაც კი, როგორიცაა ბაზებზე განლაგებული ჯარისკაცების გასართობი ნივთების ჩამონათვალი, მათ შორის, სპორტული ინვენტარისა და სამაგიდო თამაშების, მაგალითად, ჭადრაკი და დამკა.