აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ოთხ მოსამართლეს ფინანსური სანქციები დაუწესა. გადაწყვეტილება ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცების მხრიდან სავარაუდო სამხედრო დანაშაულებზე ICC-ის ტრიბუნალის გამოძიებასა და ICC-ის მიერ ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავების ორდერის გაცემას უკავშირდება.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ სანქციები დაწესდა შემდეგ ოთხ პირზე: სოლომი ბალუნგი ბოსა (უგანდა), ლუს დელ კარმენ იბანიეს კარანსა (პერუ), რეინ ადელაიდ სოფი ალაპინი განსუ (ბენინი) და ბეტი ჰოლერი (სლოვენია).
“როგორც ICC-ის მოსამართლეები, ეს ოთხი პირი აქტიურად მონაწილეობდა სასამართლოს არალეგიტიმურ და უსაფუძვლო ქმედებებში, რომლებიც მიზნად ისახავს ამერიკისა და ჩვენი ახლო მოკავშირის, ისრაელის დევნას. ICC პოლიტიზებულია და ცრუ პრეტენზია აქვს შეუზღუდავ უფლებაზე, გამოიძიოს, წარუდგინოს ბრალი და გაასამართლოს აშშ-სა და ჩვენი მოკავშირეების მოქალაქეები” – განაცხადა რუბიომ.