თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა. საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა, პროცესი 12 ივნისს, 12 საათზე ჩაინიშნა.
პროკურატურამ მელიასთვის წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს გადაუხდელობის გამო, სასამართლოს პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართა. დაცვის მხარე სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვდა.
დღევანდელ პროცესზე ნიკა მელიამ მისი დაკავების დეტალები გაიხსენა.
“დაახლოებით საღამოს 9 საათზე, 2 მანქანით გადავადგილდებოდი ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, გადაცემაში “ორ ცეცხლს შუა” მონაწილეობის მისაღებად მივდიოდი. სულ რაღაც 2 კმ იყო დაშორებული იმ ადგილიდან, სადაც მოხდა ჩემი გატაცება და არანაირი დაკავება. მოულოდნელად მანქანა გააჩერა ე.წ. საპატრულო პოლიციამ, პატრულის ფორმაში გამოწყობილმა ძალიან ნერვულ მდგომარეობაში მყოფმა პირმა. მძღოლს სთხოვა მართვის მოწმობა და ცხადი იყო მისი გამომეტყველებითაც, რომ ყველაფერი აინტერესებდა გარდა მართვის მოწმობისა, ამ პროცესში, როდესაც მართვის მოწმობა ჯერ კიდევ მძღოლს გადაცემულიც კი არ ჰქონდა, მის ე.წ. რაციაში კითხვა გაისმა, რაც გავიგეთ მეც და მძღოლმაც. როგორც ჩანს მისმა ხელმძღვანელმა ჰკითხა, ობიექტი თუ იჯდა მანქანაში. გასაგები იყო რაც ხდებოდა.
11 ადამიანი იყო სამარშრუტო ფურგონში, სადაც მე ძალის გამოყენებით მომათავსეს, რბილად რომ ვთქვათ. არანაირი ნიშანი, რომ ისინი იყვნენ პოლიციელები არ იყო. მოხდა გატაცება, ძალიან აგრესიული ძალის გამოყენებით მანქანაში ჩატენა, ამის შემდეგ ძალის გამოყენებით მობილური ტელეფონის წართმევა, მერე ერთ-ერთის დაუოკებელი სურვილი, რომ იქნებ, რამენაირად გაეხსნა კოდი ჩემს ტელეფონზე და რამდენჯერმე მცდელობა ჰქონდა, რომ ჩემს სახესთან მოეტანა. ეს იყო რაღაცნაირი სამარშრუტო ფურგონი, საიდანაც არაფერი არ ჩანდა შიგნიდან გარეთ.
ფორმალურად, გუშინ ღამის 00:00 საათამდე მქონდა მე გირაოს გადახდის ვადა, 9 საათზე გამიტაცეს ის ადამიანი, რომელიც ახალ თქვენ გელაპარაკებათ და კითხვა არ გიჩნდებათ რა მოხდა? ამის ნაცვლად უნდა დამისვათ კითხვა რატომ და რისთვის არ ვიხდი მე იმ უსამართლო გირაოს, ეს გაინტერესებთ, რაზეც პასუხი გაქვთ და ის არ გაინტერესებთ აქ როგორ აღმოვჩნდი. ვინ გამიტაცა.
არათუ არ იღებდნენ გატაცების მომენტს, არამედ ორივე ავტომობილში, ერთში, რომელშიც მე ვიყავი და მეორე თანმხლებ ავტომობილში იყო 2-2 ვიდეოჩამწერი დამონტაჟებული, ოთხივე არის გატეხილი, დაამტვრიეს, იმიტომ, რომ არ გენახათ თქვენ, ისეც არ იმოქმედებდა თქვენზე დარწმუნებული ვარ, მაგრამ მაინც.
ეს არის რეალობა რაც მოხდა და თქვენ ახლა უნდა იმსჯელოთ დაადგინოთ ვინ არის მტყანი და მართალი. განა ის მე ახლა რაც ვთქვი, ეჭვი გეპარებათ? თქვენ რა სიმართლე უნდა დაადგინოთ, ჩემო კარგო, ნუ გწყინთ, რომ ვერც მოსამართლეს გიწოდებთ თქვენ და ვერც ბატონოს დაგიძახებთ, კითხვა არ გიჩნდებათ, რა მოხდა, როგორ აღმოვჩნდი აქ”. – მიმართა ნიკა მელიამ მოსამართლეს.
ამის შემდეგ მელიას მოსამართლე შვანგირძემ ჰკითხა, აპირებდა თუ არა ის შეფარდებული გირაოს გადახდას – “გირაოს გადახდა არ გადახდასთან დაკავშირებით კითხვებს, რომ სვამ, მე რაც ახლა მოვყევი ეს არ არის თქვენთვის საინტერესო? ამ ე.წ. მარშუტკაში მოთავსების შემდეგ მობილური ტელეფონი არ გამოურთიათ იქ მყოფ რამდენიმე ადამიანს, მოკლე ვიდეოებს იღებდნენ და სიამაყით უგზავნიდნენ თავიანთ ხელმძღვანელებს. უშუალოდ დაკავების ეს პერიპეტიები, რომელიც დიდხანს არ გაგრძელდა ჩვენ გვქონდა აღბეჭდილი და ეს წაშალეს გაანადგურეს” – განაცხადა მელიამ.
რაზედაც შგვანგირაძემ განაცხადა, რომ ის მის ადმინისტრაციულად დაკავების საქმეს არ განიხილავს.
მოგვიანებით მელიამ მოსამართლე შვანგირაძეს წყალი შეასხა – “თქვენ ხართ თანამონაწილე, დანაშაულებრივი ჯაჭვის ერთი რგოლი ხართ, რომელსაც კითხვაც კი არ უჩნდება აქ როგორ აღმოვჩნდი, ვინ გამიტაცა და რატომ გამიტაცა” – განაცხადა მელიამ.
აღნიშნულის შემდეგ შვანგირაძემ მელია გააძევა.