ორშაბათი, აპრილი 27, 2026
Home პოლიტიკა ქართულმა ოცნებამ თბილისი მოსკოვთან დააახლოვა – გენერალი კავოლი

ქართულმა ოცნებამ თბილისი მოსკოვთან დააახლოვა – გენერალი კავოლი

by admin

აშშ-ს ევროპული სარდლობის მეთაური, გენერალი კრისტოფერ კავოლი დღეს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წინაშე ჩვენების მიცემას აპირებს. მისი შეფასებით, ყველაფერი მიანიშნებს, რომ რუსეთი გააგრძელებს, დაემუქროს აშშ-ს უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ ინტერესებს და, შესაბამისად, კავოლი მიიჩნევს, რომ აშშ-სა და NATO-ს მხრიდან საჭიროა, ამ საფრთხესთან გასამკლავებლად უკეთ იყვნენ მომზადებული.

გამოცემა Kyiv Post-ის მიერ მოპოვებული ტექსტის მიხედვით, გენერალი კავოლი ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტზე, რომ რუსული საფრთხე უკრაინაში ომიდან, დასავლეთის წინააღმდეგ დესტაბილიზაციის კამპანიიდან, რუსულ საზოგადოებაში ომისთვის მზადებისგან, და აშშ-ს მტრებთან მისი სტრატეგიული პარტნიორობიდან მომდინარეობს.

აშშ-ს მოწინააღმდეგეებად გენერალი კავოლი რუსეთს, ირანს, ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეას დაასახელებს და კონგრესში იტყვის, რომ ყველა მათგანი ერთად “ცდილობს ძირი გამოუთხაროს აშშ-სა და მოკავშირეების უპირატესობას და უპირისპირდება ჩვენს სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ინტერესებს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ”.

წინასწარ მომზადებულ ჩვენებაზე გენერალი ასევე ისაუბრებს აშშ-ს ევროპული სარდლობის ძალისხმევაზე, რათა ხსენებულ საფრთხესთან გასამკლავებლად ალიანსი უკეთ იყოს მომზადებული.

ამისთვის კი, როგორც გენერალი კავოლი იტყვის, აშშ-ს ხელმძღვანელობა, მაღალგანვითარებულ შესაძლებლობებში ინვესტიციების გაგრძელება, და ევროპაში თავდაცვის მოკავშირეების მიერ წინამძღოლობისკენ მდგრადი ტრანზიციაა საჭირო.

“გლობალური საფრთხეები, რომელთა წინაშეც დღეს ვართ, მნიშვნელოვანია. ალბათ, ცივი ომის დასრულების შემდეგ ასეთი არც ყოფილა”. – იტყვის გენერალი.

უკრაინასთან დაკავშირებით იგი ყურადღებას გაამახვილებს დონეცკში, კურსკში და ბახმუტში ბრძოლის ველზე ძალადობაზე, რაც, მისი აზრით, აჩვენებს რუსეთის მზადყოფნას, მიზნების მისაღწევად სასტიკი საშუალებები გამოიყენოს.

ამერიკელი სარდალი ასევე კონგრესმენებს გააფრთხილებს, რომ რუსეთმა ბრძოლის ველზე დანაკარგები იმაზე სწრაფად შეავსო, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო.

“სინამდვილეში რუსული არმია, რომელმაც საბრძოლო მოქმედებების უმძიმესი ნაწილი გამოიარა, დღეს უფრო დიდია, ვიდრე ომის დაწყების დროს – მიუხედავად იმისა, რომ 790 000-მდე დანაკარგი განიცადა”. – იტყვის ის.

კომიტეტის წინაშე კავოლი იტყვის, რომ უკრაინაში ომის გარდა, რუსეთისთვის სტრატეგიული მიზნები ასევე “ახლო სამეზობლოში” გავლენის გაძლიერებასა და საერთაშორისო ასპარეზზე მეტი ძალის მოპოვებაზე არის კონცენტრირებული.

“ძველი საბჭოთა სახელმძღვანელოს მიხედვით, რუსეთი მონაწილეობს წინასწარ გათვლილ დესტაბილიზაციის კამპანიაში ინფრასტრუქტურაზე კიბერთავდასხმებით, საჯარო საბოტაჟით, მიზანმიმართული ძალადობით, მიგრაციის იარაღად გამოყენებით, არჩევნებში ჩარევითა და საინფორმაციო ოპერაციებით. ამ ქმედებებს სერიოზული გავლენა აქვს თავისუფლებასა და კეთილდღეობაზე, რითაც აშშ-ში ვსარგებლობთ”. – იტყვის გენერალი კავოლი.

კავოლის მიხედვით, რუსეთი ევროპის მაღალი რისკის მქონე რეგიონებში მერყევ გარემოს, აშშ-ს ხარჯზე, საკუთარი გავლენის გასაზრდელად იყენებს.

“საქართველოში პრორუსულმა ქართული ოცნების პარტიამ თბილისი უფრო დააახლოვა მოსკოვთან. მოლდოვაში 2024 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსული გავლენა უფრო ინტენსიური გახდა იმ ფონზე, როცა მოსკოვი ხმების ყიდვით გაყალბებაში, არჩევნებთან დაკავშირებით კიბერთავდასხმებში, და საარჩევნო უბნებზე ბომბების არსებობის ყალბი მუქარების გავრცელებაში და არეულობის გამოსაწვევად მომზადებული პროვოკატორების გამოყენებაში იყო ჩართული”. – იტყვის კავოლი.

ამერიკელი გენერალი ასევე ყურადღებას გაამახვილებს იმაზე, რომ რუსეთის თანამშრომლობა ჩინეთთან, ჩრდილოეთ კორეასთან და ირანთან მზარდია.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay