აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამ კვირის ბოლოს ირანთან უმაღლესი დონის პირდაპირი მოლაპარაკება გაიმართება. ირანი ამერიკელებთან დაგეგმილ შეხვედრას ადასტურებს, თუმცა, უარყოფს, რომ ეს პირდაპირი მოლაპარაკება იქნება.
7 აპრილს, თეთრ სახლში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ პირდაპირი მოლაპარაკება დაიწყეს ირანთან და შაბათს, 12 აპრილს გაიმართება მაღალი დონის ძალიან მნიშვნელოვანი პირდაპირი შეხვედრა. რაიმე დამატებითი დეტალი ტრამპს არ უთქვამს.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება ირანის ინტერესებშია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ის დიდ საფრთხეში აღმოჩნდება.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაყჩიმ დაადასტურა, რომ ამ შაბათს ომანში გაიმართება ირანის და აშშ-ის მაღალი დონის შეხვედრა. ამასთან, არაყჩი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ ეს არ იქნება პირდაპირი შეხვედრა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი არ აკონკრეტებს, კიდევ ვინ მიიღებს მონაწილეობას ამ მოლაპარაკებაში. აბას არაყჩის განცხადებით, ომანში დაგეგმილი შეხვედრა არის შესაძლებლობაც და გამოცდაც და ბურთი ამერიკის მოედანზეა