კვირა, აპრილი 26, 2026
Home პოლიტიკა დემოკრატიის დაცვა საჭიროა ყველგან, საფრანგეთი ამ გზაზე ყოველთვის წინა ხაზზეა, ჩვენ ყოველთვის მასთან ვიქნებით, გაუწიეთ წინააღმდეგობა ტოტალიტარიზმს – ზურაბიშვილი

დემოკრატიის დაცვა საჭიროა ყველგან, საფრანგეთი ამ გზაზე ყოველთვის წინა ხაზზეა, ჩვენ ყოველთვის მასთან ვიქნებით, გაუწიეთ წინააღმდეგობა ტოტალიტარიზმს – ზურაბიშვილი

by admin

უპირველეს ყოვლისა მადლობა საფრანგეთს, რომ არის და დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის გლობალური ბრძოლის ავანგარდში დგას.

თქვენ ახლახან მოისმინეთ ხმა უკრაინიდან. საქართველოს ხმა დიდად არ განსხვავდება, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ არ ვართ ამ შემზარავ ომში, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს. მაგრამ ჩვენ გვაქვს საერთო გამოცდილება და უკრაინას, ისევე როგორც საქართველოს, შეუძლია ძალიან ვრცლად მოგიყვეთ რა არის რუსეთი სინამდვილეში, რისი დავიწყების სურვილიც დროდადრო ჩნდება. ჩნდება იმის დაჯერების სურვილი, რომ ის ნორმალური სახელმწიფოა, ნორმალურია მეზობლებთან, ნორმალურია საკუთარ მოსახლეობასთან … და ისევ არა!

საქართველოს ახალგაზრდობა 140 დღეა ქუჩაში დგას და არ ტოვებს ქუჩას სწორედ ისე, როგორც არ ტოვებენ სანგრებს ჩვენი უკრაინელი მეგობრები და უკრაინელი ახალგაზრდები.

ჩვენც ჩვენებურად ვუწევთ და გავუწევთ წინააღმდეგობას. და მე ამ ხალხის პრეზიდენტი ვიქნები ბოლომდე!

ეს გეოპოლიტიკური გამოწვევაა, რადგან საქართველოს დაკარგვა, (რაც არ და ვერ მოხდება), ვერ იქნება უმნიშვნელო. ეს არის შავი ზღვა, ეს არის კავკასია, ეს არის ევროპული სომხეთის ბედი, ეს არის გზა ცენტრალური აზიისაკენ. ეს არის რეგიონი, რომელიც ყველაზე მეტად გაინტერესებთ. მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ეს არის გამოწვევა ევროკავშირისთვის.

ევროკავშირმა არ უნდა დაუშვას, რომ ჰყავდეს ქვეყანა, რომელსაც მან კანდიდატის სტატუსი ერთი წლის წინ მიანიჭა, ერთ წელიწადში იქცეს ტოტალიტარული დიქტატურის მოდელად. ევროკავშირი უნდა აღიჭურვოს თავისი საშუალებებით, რათა გადაწყვეტილება მიიღოს, რათა ჰქონდეს თანმიმდევრული პოლიტიკა და შეძლოს ამის თქმა, რათა ის არ იყოს ერთი-ორი ქვეყნის ხელში, რომლებიც უკვე ტოტალიტარიზმის ამ გზაზე მოძრაობენ.

ტოტალიტარიზმის ამ გზაზე ჩვენ უნდა დავიცვათ დემოკრატია, დავიცვათ იგი ყველგან. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ევროპული ინსტიტუტები, ეს არის ევროპული გადაიარაღება, მაგრამ ეს ასევე არის მორალური გადაიარაღება, ეს არის პოლიტიკური გადაიარაღება, ეს არის შესაძლებლობა, რომ ყველამ ერთად მივიღოთ გადაწყვეტილება ამ მორალური, პოლიტიკური, (თუ საჭიროა) სამხედრო გადაიარაღების გზაზე. საკუთარი ბედისწერით, როგორც ყოველთვის საფრანგეთი წინა ხაზზეა და ჩვენ ყოველთვის მასთან ვიქნებით, ჩვენ ყოველთვის შევხედავთ მას იმედით და იმ ამბიციით, რომ საფრანგეთი – დემოკრატიის დედა და თავისუფლების სამშობლოა და ეს მუდამ ასე იქნება, მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რაც დღეს თქვენს წინაშეა. გაუწიეთ წინააღმდეგობა (ტოტალიტარიზმს)! – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ემანუელ მაკრონის პარტიის “აღორძინების” შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay