თავდასხმისას გიორგი გახარია იმყოფებოდა მარტო, რა დროსაც მას ლაჩრულად, როგორც ეს მათი ცხოვრების წესია, თავს დაესხა 10-მდე პირი, – ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე განაცხადა:
“როგორც თქვენთვის კარგადაა ცნობილი, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ბიძინა ივანიშვილი ანგარიშსწორებით საჯაროდ დაემუქრა გიორგი გახარიასა და მის გუნდს. გუშინ, გიორგი გახარია იმყოფებოდა ბათუმში, დაკავებული ახალგაზრდების და ჟურნალისტების, რეჟიმის სინდისის პატიმრების მხარდასაჭერად.
ივანიშვილის დავალებით, რომელიც ყველა უღირსი მეთოდით ცდილობს რეჟიმის გადარჩენას, ღამის საათებში, სასტუმრო “შერატონის” ლობიში გიორგი გახარიაზე განხორციელდა ორგანიზებული თავდასხმა. თავდასხმისას, გიორგი გახარია იმყოფებოდა მარტო, რა დროსაც მას ლაჩრულად, როგორც ეს მათი ცხოვრების წესია, თავს დაესხა 10-მდე პირი.
სასტუმრო “შერატონის” მთელი პერიმეტრი, აღჭურვილია ვიდეოსამეთვალყურეო საშუალებებით, რაც სასტუმროს ადმინისტრაციამ ზეპირსიტყვიერად ადგილზევე დაგვიდასტურა და მზაობა გამოხატა მათი გამოძიებისთვის გადასაცემად. სამართალდამცავებს უკვე შეუძლიათ ამ დანაშაულის 24 საათში გახსნა, შესაბამისად, ველოდებით გამოძიების შედეგებს. დანარჩენზე ვისაუბრებთ ამის შემდეგ.
გიორგი გახარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, მკურნალობს სახლში. ჩვენი ბრძოლა ამ მოძალადე რეჟიმის დასამარცხებლად გრძელდება გამარჯვებამდე. ორგანიზატორსა და თავდამსხმელებს, აბსოლუტურად ყველა მათგანს გაეცემა შესაბამისი პასუხი.
მე შეგნებულად არ დამისახელებია არც ერთი მათგანის, არც ერთი თავდამსხმელის სახელი და გვარი. მე ველოდები კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტული გამოძიების შედეგებს, რომელმაც უნდა დააიდენტიფიციროს აბსოლუტურად ყველა თავდამსხმელი, ყველა დამნაშავე. მათ ამისთვის შესაბამისი მტკიცებულებები უკვე ხელთ აქვთ, თუ არ ანადგურებენ ამ მტკიცებულებებს, რომ ხელმისაწვდომი არ იყოს საზოგადოებისთვის, შესაბამისად, მათ ვუტოვებთ პრეროგატივას, დაასახელონ თავდამსხმელების ვინაობა. რა თქმა უნდა, დაპირისპირება არ იყო ეს, ეს იყო ორგანიზებული თავდასხმა, რაც განხორციელდა მარტო მყოფი გიორგი გახარიას მიმართ. დაახლოებით, 10-მდე ადამიანი ფიზიკურად უპირდაპირდებოდა მას”.
ცნობისთვის, „გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. თავდასხმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე წუხელ, სასტუმრო “შერატონში” მოხდა. გახარია კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფო მოგვიანებით დატოვა. ექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.