პოლონეთი რუსეთის კალინინგრადის ოლქთან საზღვარზე უსაფრთხოების სპეციალურ ოპერაციას იწყებს. ეს გადაწყვეტილება იმ გაფრთხილებების ფონზე მიიღეს, რომლის თანახმად, შესაძლოა, იქ დივერსიული ქმედებები განხორციელდეს. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია RMF 24 ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, საზღვრის დასაცავად, ვარმინო-მაზურისა და პოდლაშეს რეგიონებში სპეციალური ოპერაციის შტაბი შეიქმნა. მათივე ინფორმაციით, სპეცოპერაციას, რომელიც პრევენციულ ხასიათს ატარებს, პოლიცია სამხედრო ძალებთან, მესაზღვრეებთან, სპეცსამსახურებთან და კონტრტერორისტულ დანაყოფებთან თანამშრომლობით ახორციელებს. ადგილზე დამატებითი ძალებიც განათავსეს.
“ეს პირდაპირ კავშირშია იმ ვითარებასთან, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაშია – კერძოდ, დივერსიულ ქმედებებთან, საბოტაჟთან და ჰიბრიდულ დანაშაულთან”. – თქვა პოლონეთის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა.
პოლონური მედია ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ პოლონეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურმა და სხვა უწყებებმა გასულ კვირას მიიღეს გაფრთხილება კალინინგრადის საზღვარზე შესაძლო დივერსიების, მათ შორის შეიარაღებული ჯგუფების მიერ საზღვრის დარღვევის შესახებ