რუსეთმა უკრაინაში, ზაპოროჟიეს ოლქში, კამიშევახას დასახლებაზე საავიაციო დარტყმები მიიტანა, რის შედეგადაც 26 ადამიანი დაიღუპა. რუსებმა მართვადი საავიაციო ბომბებით დაბომბეს სკოლა, სადაც ადამიანებს ჰუმანიტარულ დახმარებას ურიგებდნენ.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, დაღუპულებს შორის 4 პოლიციელი და 2 მაშველია. გარდა ამისა, 5 ადამიანი დაშავდა, 25 პირი კი დაკარგულად ითვლება. ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
მომხდარს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა. მისი თქმით, შეუძლებელია, რუსებს არ სცოდნოდათ, რომ ამ დასახლებაში დარჩენილი ადგილობრივი მოსახლეობა ყოველკვირეულად სწორედ ამ ადგილზე იღებს ჰუმანიტარულ დახმარებას.
“ეს კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ რუსეთს არც დეესკალაცია სურს და არც რეალური სამართლიანობა. ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ, იყო მომენტი, როცა შემდგომ ნაბიჯებს შეეძლო ეჩვენებინა ის, რომ მშვიდობისკენ წინსვლა შესაძლებელი იყო. მაგრამ, ასეთი მკვლელობებით რუსეთი სრულიად საპირისპიორ სიგნალს აგზავნის: ის კიდევ უფრო მეტ მკვლელობაზე აკეთებს გათვლას. ამას მსოფლიოს მხრიდან პასუხი უნდა მოჰყვეს – ძლიერი და მკაცრი პასუხი”. – წერს ზელენსკი X-ზე