სამშაბათი, ოქტომბერი 27, 2026
Home მსოფლიო ვლადიმირ პუტინთან საუბარი გულახდილი და შინაარსიანი იყო – ალექსანდერ სტუბი

ვლადიმირ პუტინთან საუბარი გულახდილი და შინაარსიანი იყო – ალექსანდერ სტუბი

by admin

27 ოქტომბერს ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდერ სტუბმა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტორემ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართეს. საუბრის ინიციატორები თავად სტუბი და სტორე იყვნენ. ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება.

უწყების ცნობით, სატელეფონო საუბარი 20 ოქტომბერს ოსლოში გამართული შეხვედრის გაგრძელება იყო. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საუბრის მომზადებისას მხარეებმა უკრაინასთან კონსულტაციები გამართეს.

ფინეთის პრეზიდენტისა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის მიზანი იყო, განეხილათ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, ომის დასრულებისკენ მიმართული დიპლომატიური ძალისხმევა და ევროპაში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის საკითხები.

ფინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, სტუბი და სტორე პუტინს უშუალოდ გადასცემდნენ გზავნილებს მომავალი მოლაპარაკებების შესახებ, რომლებიც ომის დასრულებას უნდა დაეხმაროს. საუბარი ასევე უკავშირდებოდა აბუ-დაბიში დაგეგმილ შეხვედრებს.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ სტუბი და სტორე სატელეფონო საუბარში საკუთარი ქვეყნების ლიდერების სტატუსით მონაწილეობდნენ და ევროპის სახელით არ საუბრობდნენ.

სტუბმა საუბარს „პირდაპირი და შინაარსიანი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ომის შედეგები პირდაპირ აისახება როგორც ფინეთისა და ნორვეგიის, ისე მთლიანად ევროპის უსაფრთხოებაზე. ორივე ლიდერმა ასევე დაადასტურა, რომ მათი ქვეყნები უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებენ და ხაზი გაუსვეს ომის დასრულებისა და მოლაპარაკებების განახლების აუცილებლობას.

ფინეთის პრეზიდენტმა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადეს, რომ მათი ქვეყნები უკრაინის მრავალწლიან მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებენ. სტუბმა და სტორემ ხაზი გაუსვეს, რომ ომი უნდა დასრულდეს, ხოლო მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს.

„საუბარი გულახდილი და საქმიანი იყო. ჩვენ რუსეთის მეზობლები ვართ. ის, თუ როგორ დასრულდება ომი, გავლენას მოახდენს ფინეთისა და ნორვეგიის უსაფრთხოებაზე და, უფრო ფართო გაგებით, მთელი ევროპის უსაფრთხოებაზე. ომის შესაჩერებლად პირდაპირი დიალოგია საჭირო“, – განაცხადა სტუბმა.

სტორემ კი აღნიშნა, რომ სატელეფონო საუბრისას მათ „დეესკალაციის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი“

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay