ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
Home მსოფლიო დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

by admin

აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი ადასტურებს.

“პრეზიდენტებმა უკრაინაში არსებული ვითარების დარეგულირების საკითხიც განიხილეს, რაც დაკავშირებულია პრეზიდენტ ტრამპის 7–8 ივლისს თურქეთში დაგეგმილ ნატო-ს სამიტში მონაწილეობასთან. ამერიკის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს საბრძოლო მოქმედებების რაც შეიძლება მალე დასრულებას, ხოლო მისი სპეციალური წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, მოსკოვში ჩასასვლელად მოსახერხებელ დროს მზად იქნებიან,” – განაცხადა უშაკოვმა.

კრემლის წარმომადგენლის თქმით, სატელეფონო საუბარი, სავარაუდოდ, ტრამპის ადმინისტრაციის ინიციატივით გაიმართა და 1 საათსა და 25 წუთს გაგრძელდა.

მისი განცხადებით, პუტინმა ტრამპთან საუბრისას კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი ულტიმატუმის ხასიათის მოთხოვნები ომის შეწყვეტასთან დაკავშირებით. რუსეთის ლიდერმა ტრადიციულად პასუხისმგებლობა აგრესიისთვის მსხვერპლ ქვეყანას დააკისრა და უკრაინა დაადანაშაულა „კონფლიქტის გაჭიანურებასა და ესკალაციაში“, ასევე „მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ტერორიზმში“.

კრემლის წარმომადგენლის ინფორმაციით, ტრამპმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაში ომის დასრულება აუცილებელია რუსეთ-ამერიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სრულფასოვანი განვითარებისათვის. უშაკოვის განცხადებით, ლიდერებმა ორმხრივი ურთიერთობების გაგრძელების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.

„ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას პრეზიდენტებმა ხაზი გაუსვეს კონტაქტების გაგრძელების მნიშვნელობას, მათ შორის სამხედრო-პოლიტიკურ და, რა თქმა უნდა, ეკონომიკურ სფეროებში”,- განაცხადა მან. მისივე თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის კოლოსალური პერსპექტივები იკვეთება.

„ამისთვის, როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, აუცილებელია უკრაინული კონფლიქტის, რაც შეიძლება სწრაფად დასრულება“,-თქვა უშაკოვმა.

მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომის გარდა, ლიდერებმა განიხილეს ეკონომიკური და სამხედრო-პოლიტიკური კონტაქტების აღდგენის პერსპექტივებიც

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay