კვირა, ივნისი 14, 2026
Home საზოგადოება 2012 წლამდე ქვეყანაში სულ 3 პარასპორტსმენი იყო, დღეს 300-ზე მეტია – მინდა, მადლობა გადავუხადო „ქართუს”, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მისი თაოსნობით დაიწყო განსაკუთრებული ზრუნვა პარასპორტის განვითარებასა და შშმ პირთა უფლებების გაუმჯობესებაზე – კობახიძე

2012 წლამდე ქვეყანაში სულ 3 პარასპორტსმენი იყო, დღეს 300-ზე მეტია – მინდა, მადლობა გადავუხადო „ქართუს”, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მისი თაოსნობით დაიწყო განსაკუთრებული ზრუნვა პარასპორტის განვითარებასა და შშმ პირთა უფლებების გაუმჯობესებაზე – კობახიძე

by admin

ძალიან მიხარია, რომ დღეს ჩვენ ყველამ ერთად ვუყურეთ ამ არაჩვეულებრივ ფილმს, რომელიც არის ძალიან საინტერესოც და ემოციურიც. ეს ფილმი აჩვენებს იმ მენტალურ და ღირებულებით ტრანსფორმაციას, კონკრეტულ მაგალითზე, რომელიც გაიარა ჩვენმა ქვეყანამ ამ ბოლო წლების განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაჩო ოდიშარიას დოკუმენტური ფილმის – „შეუზღუდავი შესაძლებლობები” პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ფილმში ნაჩვენები სტატისტიკა პირდაპირ ასახავს იმ დამოკიდებულებას, რომელიც იყო მანამდე პარასპორტის მიმართ და რომელიც არის დღეს.

„2012 წლამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ 3 პარასპორტსმენი იყო სპორტის 2 სახეობაში. მთელი წლების განმავლობაში ისტორიის მანძილზე ერთადერთი საერთაშორისო მედალი ჰქონდა მოპოვებული ჩვენს ქვეყანას. მას შემდეგ, პარასპორტში გვაქვს სრულიად განსხვავებული მიდგომები. ეს სტატისტიკაზე აისახება. დღეს არის 300-ზე მეტი სპორტსმენი 14 სახეობაში და ათეულობით მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი გვყავს, რაც არის ჩვენი ქვეყნის წარმატების ერთ-ერთი თვალსაჩინო გამოხატულება. მხოლოდ გასულ წელს დაახლოებით 100 საერთაშორისო მედალი მოვიპოვეთ და რა თქმა უნდა ისტორიული იყო ჩვენი გუნდის გამოსვლა პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე, სადაც პირველად ისტორიაში ვაჩვენეთ ყველაზე მაღალი შედეგი და 9 პარალიმპიური მედალი მოვიგეთ. ეს იყო უნიკალური შედეგი. ასევე, მედალი მოვიპოვეთ ყველა სახეობაში, სადაც ლიცენზია ჰქონდა ჩვენს პარალიმპიურ გუნდს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ამ ყველაფერში მთავარი წვლილი მიუძღვით პარასპორტსმენებს, მათ ტალანტს, ნიჭს, თავდადებას, შრომას, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია მთავრობის მხარდაჭერა.

„ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია დავდოთ პირობა, რომ საქართველოს მთავრობა მომავალშიც მაქსიმალურად დაუჭერს მხარს პარასპორტის განვითარებას, პარასპორტსმენებს. ჩვენ არ უნდა დავკმაყოფილდეთ იმ შედეგებით, რომლებსაც აქამდე მივაღწიეთ. გვჭირდება მეტი და მეტი წარმატება ქართულ პარასპორტში”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებითა და საკანონმდებლო რეფორმით, პარალიმპიური მოძრაობა ოლიმპიურთან გათანაბრდა, ხოლო პარაათლეტების, მათი მწვრთნელებისა და ექიმების სტიპენდიები და პრემიები ოლიმპიელთა ანაზღაურებასთან სრულად შესაბამისობაში მოვიდა.

„მოხარულები ვართ, რომ ეს ნაბიჯი საერთაშორისო პარალიმპიურმა კომიტეტმაც სათანადოდ შეაფასა. ჩვენ ახლა გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა წინ – 2028 წლის ლოს ანჯელესის თამაშები, სადაც, რა თქმა უნდა, ყველას გვინდა, რომ კიდევ უფრო მეტად გავაუმჯობესოთ ჩვენი მიღწევა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს შედეგი იქნება კიდევ ერთი ისტორიული ნაბიჯი წინ. ყველას მინდა, ძალიან დიდი წარმატებები გისურვოთ.

მე მინდა, მადლობა გადავუხადო ფილმის ავტორებს – ბაჩო ოდიშარიას, არაჩვეულებრივი ფილმისთვის, გიორგი გრძელიშვილს, ფილმის პროდიუსერს და მთლიანად გუნდს. მადლობა მინდა გადავუხადო, რა თქმა უნდა, ფონდ „ქართუს”, პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს, არამარტო ამ ფილმის მხარდაჭერისთვის, ფილმშიც იყო აღნიშნული, რომ სწორედ მისი თაოსნობით დაიწყო განსაკუთრებული ზრუნვა საქართველოში პარასპორტის განვითარებაზე, ზოგადად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების გაუმჯობესებაზე და ეს ფილმიც ამ მხარდაჭერის კიდევ ერთი განსაკუთრებული გამოხატულებაა. კიდევ ერთხელ მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს და ფონდ „ქართუს”. ასევე, ამ ფილმში აღნიშნული იყო განსაკუთრებული ერთობა, რომელიც არის ჩამოყალიბებული პარასპორტსმენებს შორის, აქ განსაკუთრებული როლი აქვს, რა თქმა უნდა, პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს და მისი როლიც აღინიშნა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ პარასპორტსმენები ასე უდგახართ ერთმანეთს გვერდში და ყველა ერთად ასე უდგახართ გვერდში ჩვენს ქვეყანას, და სახელმწიფოს. მადლობა იმისათვის, რომ უმაღლეს დონეზე აწიეთ ჩვენი დროშა, ააჟღერეთ ჩვენი ჰიმნი, მომავალში კიდევ ძალიან ბევრ წარმატებას გისურვებთ”,- აღნიშნა პრემიერმა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay