2025 წელს ილიას უნივერსიტეტმა მიიღო 5 ათასამდე ახალი სტუდენტი, მათ შორის ქართული ენის მომზადების მიმართულებით. არსებული გადაწყვეტილებით კი, ჩვენ დაგვიმტკიცდა მხოლოდ 360 ადგილი, – ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერმა, ქეთევან დარახველიძემ მედიას განუცხადა.
“2025-2026 წლისთვის უნივერსიტეტები თავად იღებდნენ გადაწყვეტილებას თავისი ავტონომიურობის ფარგლებში, განესაზღვრათ კვოტები, მიღებები და მიმართულებები, რა მიმართულებითაც ისინი მიიღებდნენ სტუდენტებს. 2025 წელს ილიას უნივერსიტეტმა მიიღო 5 ათასამდე ახალი სტუდენტი, მათ შორის ქართული ენის მომზადების მიმართულებით. არსებული გადაწყვეტილებით კი, ჩვენ დაგვიმტკიცდა მხოლოდ 360 ადგილი. 360 ადგილი გამოსაცხადებელ ადგილებთან მიმართებით არის დაახლოებით 7%. მიმართულებებისა და ფაკულტეტების დაყოფა ძალიან რთული თემაა, თუმცა, რაოდენობებს რომ შევხედოთ, 120 პროგრამა გვაქვს სამივე საფეხურზე და კვოტები 360 ადგილი განისაზღვრა მხოლოდ 28 პროგრამის მიმართულებით. კონკრეტულ პროგრამებზე არის ძალიან მიზერული რაოდენობა, 5 სტუდენტი პროგრამაზე, რაც ჩვენთვის სრულიად წარმოუდგენელი ციფრია. ეს არანაირად არც ჯდება არც ფინანსური, არც ადმინისტრაციული, არც აკადემიური და კვლევის თვალსაზრისით რაიმე გონივრულ გადაწყვეტილებაში. 5-5 ადგილია გამოყოფილი სამაგისტრო საფეხურზე და ნაწილდება 28 პროგრამაზე. იმ პროგრამებზე, რომელიც ამ ეტაპზე ილიას უნივერსიტეტში იმ ფორმით არ გაგვაჩნია. ჩვენ დაგვიმტკიცეს პროგრამები, რომელიც არსებულ რეალობაში არ გვაქვს.
ზოგადად, „ერთი ფაკულტეტი – ერთი ქალაქის“ პრინციპი საერთოდ წარმოუდგენელი აბსურდია, რადგან ამ ანალოგიას თქვენ ვერცერთ ქვეყანაში ვერ ნახავთ, როდესაც სახელმწიფო სახელმწიფო უნივერსიტეტს უკრძალავს რომელიმე მიმართულებით სწავლის ან კვლევის განხორციელებას. ჩვენ ეს დოკუმენტი არ ვიცით. ვიცით ის, რომ სწავლა იმ სტუდენტებისთვის ხდება უფასო, ვინც ამ სახელმწიფო უნივერსიტეტებში მოხვდება. არ გვაქვს სხვა ინფორმაცია და ეს დაფინანსებასთან დაკავშირებით გაუგებრობას იწვევს. ცხადია, იწვევს გაუგებრობას ფინანსურ მდგრადობასთან დაკავშირებითაც.
ყველა მექანიზმით ვაპირებთ ჩვენი პოზიციის და სიმართლის დაცვას. აქ იგულისხმება როგორც სამართლებრივი მექანიზმი, ასევე ინკლუზიური დიალოგი, რასაც ამ თვეების განმავლობაში ვითხოვთ”, – განაცხადა დარახველიძემ