სამომავლოდ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი, ამბიციური გეგმები სხვადასხვა მიმართულებით, რეფორმები გვაქვს დაგეგმილი, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა:
“ყველაზე მეტად გამოვყოფდი განათლების რეფორმას. საუბარია როგორც უმაღლესი განათლების, ისე ზოგადი განათლების სისტემის რეფორმაზე. შევიმუშავეთ კონცეფციები და ამ კონცეფციების განხორციელებას აქვს მნიშვნელობა უკლებლივ ყველა დარგისა და, ზოგადად, ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებისთვის. განათლების გარეშე ვერც ერთი მიღწევა ვერ იქნება მდგრადი. შესაბამისად, სრული კონცენტრაციით უნდა ვიმუშაოთ როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით განათლების რეფორმის განხორციელებაზე. მინდა მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ მინისტრს, ასევე თქვენს მოადგილეებს, მინდა მადლობა გადავუხადო მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ასევე, თქვენს მოადგილეებს, ასევე მთავრობის ადმინისტრაციის თითოეულ თანამშრომელს. ის მიღწევები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, თითოეული თქვენგანის დაუღალავი შრომის და კეთილსინდისიერი საქმიანობის შედეგია. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო უკლებლივ ყველა საჯარო მოსამსახურეს. ყველას, ვინც დგას სახელმწიფო სამსახურში. მადლობა ჯარისკაცებს, პოლიციელებს, მოსამართლეებს, პროკურორებს, უსაფრთხოების სისტემის თანამშრომლებს. სწორედ ამ ადამიანების შრომაზე და კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის განვითარება დღემდე და ჩვენი ქვეყნის სამომავლო განვითარება. მინდა ყველას გისურვოთ ბედნიერი და წარმატებული 2026 წელი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს წელი იქნება წარმატებული ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის. მინდა გისურვოთ ყველას ჯანმრთელობა, ბედნიერება, წარმატებები 2026 წელს”